შალვა პაპუაშვილი მიხაილ როთს ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

21.11.25 13:37
შალვა პაპუაშვილი მიხაილ როთს ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „უცხოელი პოლიტიკოსების ჩარევის“ მრავალჯერადი შემთხვევა დაფიქსირდა და ამის გამო საჭიროდ მიიჩნევს იმ ცვლილებებს, რომლითაც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება საყოველთაოდ ეზღუდებათ.

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლის, მიხაილ როთის ვიდეომიმართვა ამომრჩეველზე „მობილიზება–ზეწოლას“ წარმოადგენდა და სწორედ ასეთ ფაქტებზე დაყრდნობით, არჩევნებში გარე ჩარევის საფრთხე „რეალურია“. 

მსოფლიოში სულ უფრო მეტად იმატებს სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის ფაქტები… 2024 წელს ჩვენს არჩევნებში უხეშად და პირდაპირ ერეოდნენ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები… გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი პირდაპირ მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს, ‘დარეგისტრირდით და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეცით ხმა, - ამბობს პაპუაშვილი. 

სავადო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები „უცხო იურისდიქციაში“ იმყოფებიან და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ დაცვას, მათ შორის საარჩევნო გავლენებისგან. მისი არგუმენტით, სწორედ ეს ქმნის „ზეწოლის რისკს“, რის გამოც მთავრობა ახალ მოდელს ნერგავს.

პაპუაშვილის არგუმენტი ძირითადად ეფუძნება 2024 წლის კამპანიის დროს გავრცელებულ მასალას, მათ შორის მიხაილ როთის მიმართვას, რომელზეც ის ამბობს, რომ მოქალაქეზე გავლენას ახდენდა:

იქ შედეგი, ვინ როგორ მივა და რას გადაწყვეტს, სხვა საკითხია, მაგრამ ზეწოლას რომ ცდილობენ, ეს ფაქტია… ნახეთ მიხაილ როთის 2024 წლის 1-ელი ოქტომბრის ‘ტვიტი’, - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი შემთხვევები, მისი თქმით, დაფიქსირდა აშშ-სა და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც.

ახალი ცვლილების თანახმად, დიასპორას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უცხოეთში ხმის მიცემა საერთოდ არ შეეძლება - არჩევნები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდება.

კოდექსის ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ცვლილება დიასპორის უფლებების „დაცვისთვის“ და „წნეხის მოხსნისთვის“ კეთდება.

მსგავსი სიახლეები