თუ ეს სააკაშვილს ჭამად ეთვლება, მაშინ ხელისუფლებას ვურჩევ, ასეთივე რაციონზე გადავიდეს - ნიკა გვარამია
ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ბრალდებას ეხმიანება და განმარტავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში იღებს ვალიდოლზე მომცრო ზომის ტაბლეტს, რომელსაც ცარცის უსიამოვნო გემო აქვს. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილი არა მარტო პოლიტიკური პატიმარია, არამედ, მასტთნ მიმართება არაჰუმანური მოპყრობის სტანდარტს უტოლდება.
საინტერესო იქნება ხელისუფლების განმარტება, სად ნახეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჭამს. ყოველი კვადრატული სანტიმეტრი და ყოველი მისი გადაადგილება კონტროლდება. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჭამს, თუ არა. დღეს სპეციალურად ვთხოვე სააკაშვილს, ერჩვენებინა, როგორც კამფეტს, რას მოიხსენიებენ. ვნახე, გადმომაწოდა კიდეც, გავსინჯე. ეს არის ვალიდოლის ზომის ტაბლეტი, რომელსაც აქვს უსიამოვნო გემო ცარცის.
თუ ეს ჭამაა, მაშინ ხელისუფლებას ვურჩევ, როცა ქვეყანას ასე უჭირს, ასეთ კვების რაციონზე გადავიდეს და ქამრები შემოიჭიროს. მათი ოჯახის წევრებსაც ვურჩევ და მათ მომხრეებსაც.
რეალურად სააკაშვილი მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი არ არის, რეალურად მასთან მიმართება უტოლდება არაჰუმანური მოპყრობის სტანდარტს, ამის დაშვებას არც ჩვენ და არც საერთაშორისო საზოგადოება არ ვაპირებთ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში საკვებს იღებს და მისი შიმშილობა ,,კლოუნადაა". ირაკლი კობახიძის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს ამის მტკიცებულება გაჩნია.