ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა - სუსი

28.10.21 14:50
 ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა - სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და 28-30 ოქტომბრის ჩათვლით ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდა. სუს-ის განმარტებით, აღნიშნული ქმედების შესახებ ევროკავშირის სადამკვირებლო მისია ინფორმირებულია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:

მიმდინარე წლის 28-30 ოქტომბერის ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა.
მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზებს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მსგავსი დამაზიანებელი გადაწყვეტილებები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა.
თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები