"გვინდა, შევხვდეთ სააკაშვილს" - რადას დეპუტატები საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდნენ
უკრაინის უმღლესი რადას დეპუტატები საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდნენ. დეპუტატებმა ელჩთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის და ასევე მათი თანამოქალაქეების ქვეყნიდან გაძევების საკითხზე ისაუბრეს.
ვისაუბრეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციებზე ქვეყანაში. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენი ჩამოსვლის მიზანზე. ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ხელისუფლების ნებას, რომ გამოვნახოთ საერთო ენა და შედგეს ჩვენი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან. დღეს, ხვალ, როცა იქნება და მოხერხდება გვინდა შევხვდეთ მას, რათა არჩევნებამდე დავტოვოთ საქართველო, რათა არ თქვან, რომ ხელი ეშლებათ საარჩევნო პროცესში. დღეს გაგრძელდება მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლობასთან, დღეს უნდა შევხვდეთ ჩენს კოლეგებს პარლამენტიდან. გვითხრეს, რომ აუცილებლად შეგვხვდებიან. ოფიციალური ვერსია არ ვიცით. ოფიციალური წერილი იყო, რომ მას შეეძლო აქ შემოსვლა, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით არ შემოუშვეს. საელჩომაც არ იცის რეალური მიზეზი თუ რას მოჰყვა ჩვენი მოქალაქეების უკან გაბრუნება, - განაცხადა ალექსანდრ კოვალჩუკმა.
რადას დეპუტატი, იულია კლიმენკო, უკრაინელი ჟურნალისტის, გორდონის, ქვეყნიდან გაძევებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს. კლიმენკო ამბობს, რომ მომხდარი უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობას დაძაბავს.
ვფიქრობ, რომ აშკარაა პოლიტიკური სარჩული. ექვსწლიანი პატიმრობა საკმაოდ დიდია და აშკარაა, რომ რთული სიტუაცია გაქვთ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მაგრამ როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, ეს სიტუაცია გარედან საკმაოდ ცუდად ჩანს. არ შემოუშვეს არა მხოლოდ გორდონი, არამედ მისი სტუმრებიც, რომლებიც სემინარს უნდა დასწრებოდნენ. უკრაინის მოქალაქეები არ დაუშვეს საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ისინი აპოლიტიკური ადამიანები არიან. ქართულ მხარეს რეპუტაცია შეელახა. ახლა უკრაინაშიც საუბრობენ პოლიტიკოსები, რადგან ქართულმა მხარემ ჩვენი მოქალაქეები არ დაუშვა, ჩვენც ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ. ვფიქრობ, ეს დაზაბავს სიტუაციას და იმისთის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის პარტნიორობა, რაციონალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, - განაცხადა იულია კლიმენკომ.
რადას დეპუტატებთან ერთად უკრაინის ელჩს საქართველოში უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოსული ექიმიც შეხვდა, რომელიც უკვე ორი დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმებაზე ნებართვას ითხოვს.