თაღლითობა ივანიშვილის სახელით - ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ
ათობით ქართველი ემიგრანტი ბიძინა ივანიშვილის სახელით დიდი თაღლითობის მსხვერპლი გახდა - კაცმა, რომელიც ხალხთან ნდობაში ივანიშვილთან, კობახიძესთან, მდინარაძესთან და ყაველაშვილთან გადაღებული ფოტოებით შედიოდა, ემიგრანტების თქმით, დიდი ფული მიითვისა. ახლა უცხოეთში უკიდურესი გაჭირვების გამო წასული ხალხი კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვს.
ქართველი დედები იტალიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან და ამერიკიდან უკვე ერთი წელია, ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურს სთხოვენ იმ კაცის დასჯას, ვინც მათი თანხები მიითვისა. ყველაფრის სათავეში ემიგრანტების თქმით, ბადრი აბაშიძე დგას. ის სოციალურ ქსელის საშუალებით ნდობაში შევიდა არაერთ ემიგრანტთან დაარწმუნა ისინი, რომ მათი სამშობლოში დასაბრუნებელი კამპანია დაიწყო. ემიგრანტებს ე.წ. ლატარიას ათამაშებდა, ჯერ ერთისთვის გროვდებოდა ფული, შემდეგ მეორისთვის, თუმცა ეს პირამიდა აფეთქდა და ემიგრანტები ნულზე დარჩნენ.
ემიგრანტები გვიხსნიან რომ აბაშიძის მოფიქრებული სქემის მიხედვით ორგანიზაციაში დაბანდებები 25 დოლარიდან იწყებოდა და 5000 დოლარს აღწევდა. ყველაფერი კი ზუსტად სამი წლის წინ დაიწყო. ჯამში 13 000 კაციან დახურულ ჯგუფში, ყველას დავალებული ჰქონდა, რომ ორგანიზაციაში მინიმუმ ორი წევრი გაეწევრიანებინა.
ემიგრანტები გვიყვებიან, რომ აბაშიძე მეტი სანდოობისთვის, "ქართულ ოცნების" ლიდერების სახელებს იყენებდა, ხან ფოტოს ივანიშვილთან ერთად დებდა.
გამოძიება აბაშიძის წინააღმდეგ ერთი წელია მიმდინარეობს, ამ დრომდე ის მხოლოდ გამოკითხეს. დაზარალბულების თქმით გამოძიების დაწყების შემდეგ თავისუფლებაზე მყოფი აბაშიძე დაზარალებულებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრება.