ვასრულებ თანამშრომლობას კონსილიუმთან - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა
დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვაში წერს. მესამე პრეზიდენტის განმარტებით, ამ დრომდე მედიკამენტებს მხოლოდ იმ მოტივით ღებულობდა, რომ არჩევნების მეორე ტურამდე მინიმალური შრომისუნარიანობა შეენარჩუნებინა.
მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მობილიზაციისა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
როგორც იცით, აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან ერთადერთი მიზნით, არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს. მე ჩამოვედი საქართველოში, ვინაიდან ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიემართებოდა ტოტალიზარიზმისკენ და ქართველებისგან დაცლისკენ, თუნდაც ამ არჩევნებზე უნდა ვცადოთ ამის შეჩერება და გადავდგათ ნაბიჯი შემობრუნებისკენ. პირველ ტურში ოპოზიციამ მართლაც მიაღწია სერიოზულ წარმატებას და ყველა დიდ ქალაქში მიაღწია მეორე ტურს, ხოლო რამდენიმეში პირველ ადგილზეც გავიდა. შემდეგ ჩვენ გავხდით ძალიან პოზიტიური პროცესის მომსწრე სრულიად სხვადასხვა ოპოზიციური ძალების გაერთიანების. ხვალ არის მეორე ტური და ეს გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. მე მინდა თქვენ იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე და საქართველოს გამარჯვებაზე. დღეს ჩემი შიმშილობა სრული მოცულობით გრძელდება, მაგრამ მაქვს თითოეული თქვენთაგანის იმედი და ე.ი. გამარჯვებული ხვალის იმედი. გთხოვთ, დღეს დღის ბოლომდე და ხვალ დილიდან გადაურეკოთ ყველა ნეთესავს, ახლობელს, ვინც არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას და გაიყოლოთ თან. ყოველი ადამიანის მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გთხოვოთ, ხვალ საღამოს შეიკრიბოთ ხელახლა საარჩევნო უბნებთან, რათა ერთად დავიცვათ ხმები, ივანიშვილს უნდა, რომ საბოლოოდ გაგვტეხოს და დაგვიმორჩილოს. ბთქვენს ხელშია ახლა საქართველოს ბედი და ჩემი ბედიც. მე ღრმად მწამს გამარჯვების და გამარჯვებასთან ერთად საზოგადოების შერიგების და გამთლიანების, ჭრილობების მოშუშების და განსხვავებული შეხედულებების ადამიანების ერთობლივი წინსვლის და წარმატების. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!- აცხადებს სააკაშვილი.