მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის - მეუფე გრიგოლი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის, რადგან ჩვეულებრივი მსჯავრდებულის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი ვერ იქნება.
მეუფე ასევე, ყურადღებას საყოველთაო შერიგების საკითხზე ამახვილებს და ამბობს, რომ ეს შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი საზოგადოებაში ღირებულებათა შეთანხმება იქნება.
მოძღვრისა და მორმწუნე ადამიანის საუბარი - ეს არის ძალიან პირადული. ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა ეს თქვენთვის ნაკლებ საინტერესო და ნაკლებ საჭიროა. რაც შეეხება შიმშილობას, მან იცის, რატომ შიმშილობს და მისი საუბრიდანაც ვნახე, რომ ამ თემაზე საუბარს არ აქვს რაიმე მნიშვნელობა, მიზეზთა გამო, ასე ბრძანა მან. პეტიციაზე მე ხელი არ მომიწერია, მაგრამ მე გავაკეთე მრევლის მიმართ მიმართვაში ჩემი ხედვა და პოზიცია. პირველი, ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია. მე ასე ვიტყვი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ ის, რომ ჩვეულებრივი პატიმარია, ჩვეულებრივი პატიმრის მიმართ საერთაშორისო ყურადღებას არ არის მოპყრობილი, ე.ი. არაჩვეულებრივი პატიმარია. ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მერამდენედ ჩვენი საზოგადოება უკიდურესად დაპირისპირებულია და პოლარიზებულია. ჩვენ გვესმის, მეც მოვისმინე საყოველთაო შერიგების შესახებ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ცოტა უცნაურია, იმიტომ, რომ შერიგება რომ მოხდეს, ღირებულებათა თანხმობა უნდა იყოს და ჩვენ ღირებულებითი შეუთანხმებლობა გვაქვს საზოგადოებაში, - განაცხადა სასულიერო პირმა რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ.