არ მაქვს სურვილი, ვიგლოვო ახალგაზრდა პრეზიდენტი - მეუფე გრიგოლმა რუსთავის ციხე დატოვა
,,არ მაქვს სურვილი, ვიგლოვო ახალგაზრდა პრეზიდენტი" - ამ სიტყვებით დატოვა მეუფე გრიგოლმა რუსთავის ციხე. საათნახევრის განმავლობაში, რაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი საპატიმროში იმყოფებოდა, სააკაშვილი ვერც წმინდა სინოდის წევრმა დაიყოლია შიმშილობის შეწყვეტაზე. მეუფე გრიგოლს პრეზიდენტმა უთხრა, რომ არ აპირებს წამლების დალევას და არც ექიმების მომსახურებით სარგებლობას, თუმცა მედიკოსებს მადლობას უხდის.
არჩევნებამდე 24 საათით ადრე ვითარება კრიტიკულია. კომა შესაძლოა, ნებისმიერ წუთს განვითარდეს. ეპისკოპოსი გრიგოლი ამბობს, რომ შეშინებულია იმით, რასაც ხედავს და არ სურს, იგლოვოს.
ბუნებრივია, რომ ამდენი დღის შიმშილობის შემდგომ, რა თქმა უნდა, სუსტად გრძნობს თავს, თუმცა, მხნეობას არ კარგავს. სისუსტე სახის ფერზეც ეტყობა, მოძრაობა შენელებული აქვს, რომ ვიცით, როგორი ტყვიასავით იყო. ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა, ეს თქვენთვის ნაკლებ საინტერესო და საჭიროა.
რაც შეეხება შიმშილობას, მან იცის რატომ შიმშილობს. მისი საუბრიდანაც ვნახე, რომ ამ თემაზე ლაპარაკს არ აქვს მნიშვნელობა, მიზეზთა გამო. გარკვეულ მიზეზთა გამო, ის არ აპირებს ექიმების დახმარებაზე თანხმობას...
არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი. არის შეთხვევები, როცა შიმშილობა კი არა თვითმკვლელობაც კი პირიქით ეთვლება ადამიანს, არის განსაკუთრებული შემთხვევები. პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ჩვენ ამ თემას ვერ განვსჯით, რადგან პოლიტიკოსებისთვის ეს არის ინსტრუმენტი, მისი არჩევანია. მე მას ვუთხარი, რომ ეს არის თქვენი არჩევანი - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მიხეილ სააკაშვილს საპყრობილეში საქართველოს პატრიარქის მიერ გამოტანებული სახარება გადასცა.
ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად ციხეში ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, შევიდა.