"ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი, მიფურთხებული ჩემგან" - სინდისის პატიმარი "ოცნებას" პასუხობს
სინდისის პატიმრის პასუხი "ქართულ ოცნებას" - მათე დევიძე ამბობს, რომ შეწყალების თხოვნით მიმართვას არ აპირებს, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია.
განცხადება პროევროპული აქციების დროს დაკავებულმა ახალგაზრდამ სააპელაციო სასამართლოში გააკეთა, სადაც მისი საქმის განხილვა მიმდინარეობს.
"ქვეყანაში არის კორუფციის ქსელები და სასაცილოა, რომ მე ვზივარ ციხეში"- თქვა სინდისის პატიმარმა.
მადლობა, რომ მოხვედით. ძალიან მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. ბოლომდე, ისევ და ისევ.
მომივიდა ხმები, რომ დავწერო შეწყალება და გავიდე გარეთ. ბოდიში, მაგრამ სისულელეა! ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე. მაპატიეთ, მაგრამ ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი, მაპატიეთ ამ სიტყვაზე და მიფურთხებული ჩემგან.
არ ვიცი, რანაირად გადმოვცე, მაგრამ ქვეყანაში არის კორუფციის ისეთი ქსელები, ნემსი ვერ ჩავარდება და მე ვზივარ ციხეში.
არაფერი არ დამთავრებულა. ხალხი სცემეს, დაასახიჩრეს, ყველანაირი ურთიერთობა თუ წინსვლის საფუძველი წყალს გაატანეს. რთულია ამასთან ჭიდილი, როცა არაფერი გიჭირავს ხელში, რაც გაგიმაგრებს ზურგს, გარდა ხალხისა, რომელიც, როგორც მე, შიშველი ხელებით იბრძვის. სიბინძურე ტრიალებს ქვეყანაში.
დავამთავრებ მე ახლა. ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მას მერეც.
მე თქვენი იმედი არ მაქვს [მოსამართლეს]. ისეთი მარაზმია, ტყუილი და აბსურდი მიმდინარე საქმეები სასამართლოში, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს. ჩემი იმედი მკვდარია"- თქვა დევიძემ.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი დაინტერესდა, რა იცის რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა:
მოსამართლე: რა იცით, რა გადაწყვეტილებას ვიღებ?
მათე დევიძე: არ მჯერა სამართლიანი გადაწყვეტილების. მეგობრებო, ალბათ დიდი ხანი ვეღარ გნახავთ. მიყვარხართ და დროებით".
- აღსანიშნავია, რომ საბოლოო სიტყვით მიმართვის შემდეგ, 21 წლის ბიჭმა დარბაზი დატოვა. მათე დევიძე ასე მოიქცა საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების დროსაც.
განახლება: სააპელაციო სასამართლომ მათე დევიძისთვის პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა ძალაში დატოვა.
"ადამიანებს, ვისაც სინდისის პატიმრებს ეძახით, დანაშაული აქვთ ჩადენილი. აღიარონ შეცდომები, დავაკვირდებით მოვლენებს, დღეს ვერ და არ გაგცემთ პასუხს, რომ ვინმეს შევიწყალებ", - ასე უპასუხა "ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, სინდისის პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, სადაც მაგალითად ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ პოლიტპატიმრების შეწყალების გადაწყვეტილება მოიყვანა.
ყაველაშვილის თქმით, შემდეგი შეწყალება სავარაუდოდ ნათლისღებისთვის იქნება.
მისივე განცხადებით, სინდისის პატიმრებმა "დანაშაული უნდა აღიარონ".