მურთაზ ზოდელავამ სასამართლოზე ბაჩო ახალაიაზე ისაუბრა
"სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი - ბაჩო ახალაიაც შეიწირა" - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი "მითოლოგიური თარიღი გახდა". ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ პროტესტს პროპაგანდამ მითები დაუპირისპირა.
ზოდელავას განცხადებით, თავისი შინაარსით მშვიდობიანი და კანონიერი, სპონტანური, სახალხო აქცია იყო, რომლის ორგანიზებაც არ ყოფილა.
იყო გულწრფელი პროტესტი, სადაც ბევრი ადამიანი მოვიდა, რადგან კრეატიული მესიჯები იყო გავრცელებული. ეს თარიღი, მითოლოგიური თარიღი გახდა. როგორც ჩანს, ხალხში იყო იმედი, რომ ვიღაც შესაძლოა გადმოსულიყო ხალხის მხარეს. ბოლო დღეებში კი ისეთი მითიც შეიქმნა, რომ ივანიშვილი ბურჭულაძის მეგობარი გახდა.
ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა. სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი - ბაჩო ახალაიაც შეიწირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მეორე მხარის მითი იყო, რომ ვიღაცები ხალხის მხარეს გადავიდოდნენ," - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მისი თქმით, ეს იყო აქცია, რომელსაც ორგანიზება არ ჰქონდა.
ჩემი მიზანი იყო, რომ ახლო ლოკაციის ხალხით ავსება მომხდარიყო. ამიტომ გამოძიება უნდა მიდიოდეს პიკეტირების მუხლით და არა იმ მუხლებით, რომლითაც დღეს მიდის. როდესაც სასახლესთან მივედი მოხდა ის, რაც მოხდა.
სახელმწიფო პროპაგანდა ძლევამოსილია, მრავალმილიარდიანი პროპაგანდა. ეს იყო აქცია, რომელსაც ორგანიზება არ ჰქონდა. ვნახეთ მითოლოგიამ და მოლოდინებმა როგორც იმუშავა, როდესაც ვერანაირი პოზიტივი ვერ მოიტანა.
აბსოლუტურად გამოუცდელმა აქციის წამყვანმა, შესაძლოა ჩემდა უნებურად გამოიწვია რაღაც ქმედება. სიტყვა - მშვიდობას ჩვენ უფრო ხშირად ვამბობდით, ვიდრე „ქართული ოცნების" კოორდინატორი არჩევნების წინ.
გავიდა თვეები და არაფერი და ვერაფერი ვერ დადგინდა"- თქვა ზოდელავამ.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის პროცესი მიმდინარეობს.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.