ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია - ექსპრემიერს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, "ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და მას 5 წლით პატიმრობა განესაზღვრა.
ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთვა ჩხრეკისას ამოღებული თანხა, რაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, 6.5 მილიონი აშშ დოლარია.
"საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თ/აღკვეთა განესაზღვრა.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.
ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.