ვინ იქნება შემდეგი? - რა ხდება ქართულ "ოცნებაში"
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებით დაწყებული პროცესი "ოცნების" ელიტის შიგნით ძალაუფლებისა და ქონების გადანაწილების ახალ ფაზაში გადავიდა, რაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის თანდათანობით „სტერილიზაციას“ და მისთვის მზარდ პოლიტიკურ რისკებს ქმნის.
ხუხაშვილის თქმით, ამ ფონზე კი პროცესში აქტიურად ერთვება ე.წ. შავი და რუხი ეკონომიკური ქსელები.
როგორც ჩანს, ის ვალდებულებები, რაც მას აჰკიდეს თავისუფლებისთვის, მან არ ან ვერ შეასრულა და აქედან გამომდინარე, პროცესი დაიძრა. ჩნდება კითხვა - ვინ იქნება შემდეგი? ხოდა, შემდეგი უკვე ბიძინაა და უკვე ჩნდება კითხვა: ბიძინასაც ხომ არ დაიჭერენ? მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ლეგიტიმაცია ამ აქტს მიცემული აქვს, ბიძინა ივანიშვილისთვის, გრძელვადიანი გაგებით, ეს პროცესი, რაც მიდის, მისი გარემოცვის დაჭერის სახით, მისი სტერილიზაციის სახით, ეს არის ძალიან სახიფათო პროცესი, მაგრამ ის იძულებულია, რომ ეს თამაში გააგრძელოს. შავი სამყაროს, როგორც ჩანს, ამ დიდ პროცესში, ქონების და ძალაუფლების გადანაწილების პროცესში შავი სამყარო ძალიან აქტიურად არის ჩართული, ე.წ. ბიზნესის რუხი ზონა - ქოლცენტრები, ნარკოტრაფიკები, - ამბობს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.