ივანიშვილი ღარიბაშვილის წინააღმდეგ განაწყვეს, ამიტომ გაიმეტა - ეკა ბესელია

12.01.26 17:30
ივანიშვილი ღარიბაშვილის წინააღმდეგ განაწყვეს, ამიტომ გაიმეტა - ეკა ბესელია

"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი იძულებული გახდა, საპროცესო შეთანხმებაზე წასულიყო, მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის შიგნით მის წინააღმდეგ პოზიცია გამყარდა და ბიძინა ივანიშვილს დააჯერეს, რომ ყოფილი პრემიერი მისთვის სანდო ფიგურად აღარ მიიჩნეოდა.

ბესელიას თქმით, ამან „ქართული ოცნების“ შიდა ძალაუფლების ბალანსში მკვეთრი გადანაწილება გამოიწვია. 

არჩევანის საშუალება, უბრალოდ, ღარიბაშვილის არ ჰქონდა, თორემ მე ასე ვფიქრობ, მე მას ხომ ვიცნობ ძალიან ბევრი წელია ძალიან კარგად და მგონია, რომ სხვა ვერსიებსაც განიხილავდა. ბევრი რამ შეიძლება, ყოფილიყო უფრო მძიმე, მაგალითად, სხვა ბრალდებები, სხვა ეპიზოდები, სხვა პირები მასთან დაახლოებული. როგორც ჩანს, ის ჯგუფი, რომელსაც სათავეში უდგას ახლა კობახიძე, მოახერხა ღარიბაშვილის წინააღმდეგ გარკვეული არვიცი, შეიძლება ინფორმაცია, ამბები მიუტანეს, დააჯერეს ივანიშვილი, რომ ღარიბაშვილი არ არის მისთვის სანდო ადამიანი და განაწყვეს მის წინააღმდეგ ასე სასტიკად, აგრესიულად, იმიტომ, რომ ფაქტია, რომ გაიმეტა. ის ბევრად ახლობელი ადამიანი იყო ივანიშვილისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა, ახლა ვინც არის "ქართულ ოცნებაში". მე ხშირად ვიხსენებ, რომ როდესაც 2012 წლამდე, 2011 წელს, როდესაც ივანიშვილი პირველად გამოჩნდა და მე მთხოვა მაშინ დახმარება, როგორც ადვოკატს და შემდეგ როგორც პოლიტიკური პროცესის თანამონაწილეს, მახსოვს, ღარიბაშვილი დამხვდა. ის იყო ერთადერთი, ვინც მახსოვს დღეს ამ არსებული გუნდიდან, - ამბობს ეკა ბესელია. 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.