რუსული ნავთობის ახალი პარტია ყულევში - როგორ იმართლებენ თავს "ოცნებაში"

12.01.26 20:57
რუსული ნავთობის ახალი პარტია ყულევში - როგორ იმართლებენ თავს "ოცნებაში"

ყულევის ტერმინალში ნავთობის ახალი პარტია უკვე ჩამოტვირთულია - 40 143 ტონა ნედლი ნავთობი საქართველოში იმ ტანკერმა შემოიტანა, რომელიც საერთაშორისო მონიტორინგის სისტემაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემად არის მონიშნული - ანუ ოკუპანტის საქნცირებულ ნავთობს ემსახურება.  გემმა "ნოსტოსმა" ნავთობი ყულევის ტერმინალში ჩამოტვირთა და უკან, რუსეთში, ნოვორისისკის პორტისკენ გაცურა. შემოსავლების სამსახური მალავს, რომელი რუსული კომპანიის ტვირთი შემოვიდა, ამბობენ, რომ ეს საგადასახადო საიდუმლოა.

ტანკერი ნოსტოსი ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავს, სახელი რამდენჯერმე შეიცვალა, ჯერ ირანულ ნავთობს დაატარებდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი უკვე 3 წელია რუსული სანქცირებული ტვირთი გადააქვს. შემოსავლების სამსახური ამტკიცებს, რომ საქართველოში შემოსული ნავთობი, გემი და კომპანია საერთაშორისო სანქციების ქვეშ არ არის, თუმცა ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის გადაადგილება ქვეყნისთვის უკვე პრობლემაა.

სავარაუდოდ სანქცირება მხოლოდ დროის ამბავია. საერთაშორისო მონაცემების თანახმად, ტანკერი ნოსტოსი ტვირთის წარმომავლობას მალავს, მონაცემებს აყალბებს და ოკუპანტს სანქციებისგან თავის არიდებაში ასე ეხმარება. გემმა ყულევის ტერმინალში რუსული ნედლი ნავთობის მეორე პარტია შემოიტანა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ქარხანა რუსეთისთვის მთავარ მაშველ რგოლად იქცა.

ყულევის ნავთობტერმინალთან "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გაამკაცრეს, პოლიცია ჩააყენეს ტერმინალისკენ მიმავალ გზაზეც.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში არსებული კრიზისის ფონზე კარგი გამოსავალია. ქარხანას "ოცნების" ეკონომიკის ექს-მინისტრი ხელმძღვანელობს, რუსი ბიზნესმენის ცოლი ფლობს და კავშირები რუსულ ГРУ-სთან ზედაპირზე დევს. მაშინ, როცა ყულევის ქარხანაში პირველად შემოვიდა რუსნეფტის ნავთობი, "ოცნება" თავს იმართლებდა, რომ ტვირთი სანქცირებული არ იყო. ჯერ ტანკერი კაისერი დაასანქცირეს, შემდეგ ბრიტანეთმა კომპანია რუსნეფტი მოაქცია სანქციების ქვეშ. "ოცნებამ" ქარხანას დაფინანსება ამის შემდეგ გაუზარდა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში