"ივანიშვილს კრონოსივით საკუთარი შვილების ჭამა შეუძლია" - ოპოზიცია ღარიბაშვილის დაკავებაზე

13.01.26 11:39
"ივანიშვილს კრონოსივით საკუთარი შვილების ჭამა შეუძლია" - ოპოზიცია ღარიბაშვილის დაკავებაზე

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებით ბიძინა ივანიშვილმა ყველას აჩვენა, რომ წითელი ხაზების გადაკვეთას არავის აპატიებს და რომ ხელისფლების შესანარჩუნებლად მზად არის ძალიან ვერ რამეზე წავიდეს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში "კორუფციული წუმპე შექმნა" და ამიტომ ყველაფერი მისი პასუხისმგებლობაა. 

ყველა ადამიანი, ვინც ამ 13 წლის განმავლობაში რამე მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა აღმოჩნდა, რომ ყველა ფულს ჭამდა ოღონდ მილიონებს და მარტო ღარიბაშვილი ხომ არ ჭამდა, ან ლილუაშილი. მათ გარშემო უამრავი ქსელი აქვთ და ამ ქსელში, რა თქმა უნდა, ეს კორუფციული, ძალიან მძიმე ქარბორბალა იყო. კორუფციული წუმპე შექმნა თვითონ ივანიშვილმა. ამიტომ, ყველაფერი არის ივანიშვილის პასუხისმგებლობა. არავითარი კორუფციის ინსტიტუციური ბრძოლა არ არის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი კლანის ჩანაცვლება მეორეთი, ივანიშვილის ეჭვიანობა, მერე მეორე კლანის წინ წამოწევა და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი ინტერესები," - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

"ოცნების" ყოფილი წევრის, ანი მიროტაძის თქმით ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება კორუფციასთან ბრძოლას არ უკავშირდება. მისი თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის შურისძიებაა "საკუთარი მარიონეტების წინააღმდეგ". 

არავითარი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არ არის და ეს უკავშირდება შურისძიებას ბიძინა ივანიშვილის საკუთარი მარიონეტების წინააღმდეგ. რატომ? - კითხვაზე პასუხი არის ძალიან მარტივი, როგორც ჩანს სადღაც მისმა მარიონეტებმა წითელი ხაზები გადაკვეთეს. არ ვიცი ეს წითელი ხაზები უკავშირდება პოლიტიკურ ამბიციებს, უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას, უკავშირდება ორივეს ერთად, ან დამატებული არის თუ არა კიდევ სხვა რამე ფაქტორი, მაგრამ თავიც, შუაც, ბოლოც და ყველაფერი დაკავშირებული არის ბიძინა ივანიშვილთან," - თქვა ანი მიროტაძემ. 

პოლიტიკოსი, ცოტნე კობერიძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს პრობლემა არ ჰქონია კორუფციასთან, მან [ივანიშვილმა] ჩათვალა, რომ ღარიბაშვილმა მას პირადად უღალატა. 

ბიძინა ივანიშვილი როცა რამეს პირად ღალატად აღიქვამს იმას არასდროს არ პატიობს და მზად არის, რომ ადამიანები, რომლებიც ლამის ნაშვილები ჰყავდა ახლა ციხეში გაუშვას. ამ ადამიანზე ამბობდა, რომ გადაგვარჩინაო და ამ ნაწილში მასთან პრობლემა არ ჰქონია, თვლის, რომ სახელმწიფოს არ უღალატა, კორუფციაში რომ იყო, თვითონაც პირველად, რომ გაუშვა... კორუმპირებული იყო ეს კაცი, კიდევ მოაბრუნა, ანუ კორუფციასთანაც პრობლემა არ ჰქონია, რაღა დარჩა? - ე.ი. ის დარჩა, მან ჩათვალა, რომ ღარიბაშვილმა მას პირადად უღალატა, ვთქვათ ის რომ დასანქცირდა, თავის თავზე მიიღო ბიძინამ რაღაცები, ღარიბაშვილი მაგ დროს მიჩუმდა, მიიმალა. მგონია, რომ ახლა ეს წყენა არ აპატია და მოღალატედ ჩათვალა ის და მერე გადაწყვიტა, რომ მოატანინოს ფულები,  რაღაცების ისე არ დალაგდა როგორც საჭიროა და შემდეგ წავიდა ის ციხეში. 

კიდევ უფრო მნიშნელოვანია ლილუაშვილის დაჭერა, რომელიც სუს-ი იყო და სუს-ი არის ამ ქვეყანაში მეტი, ვიდრე პრემიერი, ყველას და ყველაფერის აკონტროლებდა და ამ ნაწილში უნდა ვიცოდეთ, რომ რევოლუცია მოხდა სინამდვილეში," - ამბობს ცოტნე კობერიძე. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ივანიშვილმა ღარიბაშვილი დააკავა, რადგან "ასე სჭირდება ხელისუფლების შენარჩუნებას". 

ყველაფერი ამის მიღმა არის ერთგვარი კანიბალიზმი, ერთგვარი მსხვერპლთშეწირვა ადამიანის ძალაუფლებისადმი. ივანიშვილმა ამ ჟესტით, როდესაც თავისი ყველაზე საყვარელი პაჟი, რომელიც შვილივით გაზარდა, როგორც ის ხშირად იმეორებდა ხოლმე, ორივე მხარე ამას იმეორებდა, ასეთი კაციც კი ჩვეულებრივად ღუმელში შედო და გამოაცხო იმიტომ, რომ ასე სჭირდება ხელისუფლების შენარჩუნებას. ამით მან დემონსტრაცია გაგვიკეთა ყველას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იქნებიან თუ სხვები, რომ ის ძალიან ბევრ რამეზე არის წამსვლელი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეს და ხელისუფლება შეინარჩუნოს. კრონოსივით საკუთარი შვილების ჭამა შეუძლია," - განაცხადა თაზო დათუნაშილმა. 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.