რომეო მიქაუტაძის პროცესი იწყება - უცნობია, დაარღვევს თუ არა ყოფილი მაღალჩინოსანი დუმილს

13.01.26 13:21
რომეო მიქაუტაძის პროცესი იწყება - უცნობია, დაარღვევს თუ არა ყოფილი მაღალჩინოსანი დუმილს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი მიმდინარეობს. 

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებს განიხილავენ. არსებული ინფორმაციით, დღეს არ დაიკითხებიან მოწმეები. 

რომეო მიქაუტაძე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გადაიყვანეს. 

არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბრალდება აღიაროს და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს. 

  • "TV პირველის" ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში სწორედ რომეო მიქაუტაძის ჩვენება დევს, რაც შესაძლოა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის საპროცესო გარიგებით ციხიდან გაშვების მიზეზი გახდეს. 

რომეო მიქაუტაძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბრალდების მხარესთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. 

ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, პოზიცია არის ჯერ-ჯერობით იგივე რაც იყო, რომეოს პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ ვაგრძელებთ დავას, მომავალში რა იქნება ვნახოთ. 

მე არაერთხელ განვმარტე, რომ ამ კონკრეტულ საქმეში, სადაც მე ვიცავ ბატონ რომეოს, მას არანაირი ჩვენება არ მიუცია ბატონი ლილუაშვილის წინააღმდეგ. სხვა საქმეში მან მისცა თუ არა რაიმე ჩვენება ჩემთვის უცნობია, შესაბამისად ჩემთვის უცნობია ის გარემოებაც, რა შეიძლება გახდეს მისი თავისუფლების საფუძველი და რა არ შეიძლება გახდეს. ჩვენ გვაქ ჩვენი გეგმა, რაც გვქონდა თავიდან, ის თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ  და ვაგრძელებთ ბრძოლას ამის დასამტკიცებლად. 

ამ ეტაპზე არ გვაქვს ეს პოზიცია [ბრალდების მხარესთან მოლაპარაკებები], თუ ბატონი რომეო შეიცვლის პოზიციას, ამის შესახებ გახდება ცნობილი. 

[ბოლოს კომუნიკაცია მქონდა] ბოლო პროცესზე, დაახლოებით 2 კვირის წინ. არა [არაფერი უთქვამს საპროცესო შეთანხმებაზე]," - თქვა ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ. 

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.