თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯის საკითხზე უნდა იმსჯელოს. დაცვის მხარე ითხოვს, ელისაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ.
აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება - ელისაშვილის საქმის არსებითი განხილვა ვერ იწყება. პროკურატურამ ვერ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც ელისაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს. ოპოზიციონერის წინასასამართლო სხდომა, რომელიც იანვარში იყო ჩანიშნული, ორი თვით გადაიდო, რადგან პროკურატურამ დამატებითი დრო მოითხოვა.
დაცვის მხარე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ მტკიცებულებების მოპოვება ბრალდების მხარეს უჭირს. ადვოკატმა ასევე არ გამორიცხა, რომ პროცესზე დღეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენოს, რადგან, მისი თქმით, ის სამართლიანობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
პროკურატურამ მოითხოვა წინასასამართლო სხდომის ვადის გადადება იმ მოტივით, რომ დანიშნულ ვადაში ისინი ვერ ეტეოდნენ, ვერ ჩაატარეს გამოძიება, რომელიც საკმარისი იქნებოდა საქის არსებითი განხილვის მოსამართლისთის და საქმის სასამართლოში გამოსაშვებად. სამწუხაროდ, სასაართლომ ვერ დააკმაყოფილა მიუკერძებლობის სტანდარტი და დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. ფაქტობრივად, დამატებითი ვადა მისცა იმისთვის, რომ მეტი მტკიცებულებები იყოს მოპოვებული აღნიშნულ საქმეზე და დღევანდელი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა არის სტანდარტული პროცედურა, რომელსაც კანონი ითვალისწინებს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას, ამ დრომდე მოპოვებული და წარმდგენილი არ არის. პარტიული თანამდებობის პირების მოწოდებები იყო იმაზე, რომ ტერორიზმის მუხლით მომხდარიყო ამ ქმედების კვალიფიკაცია და სწორედ ამ მოწოდებების შემდგომ, ორი დღის შემდეგ მოხდა უკვე 187 მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება უკვე ტერორიზმის მუხლით, რაცაბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ჩვენ ამ გარემოებებზე, ბუნებრივია, გავაახვილებთ ყურადღებას. ჩვენ გავამახვილებთ იმ გარემობაზე ყურადღებას, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა იმს სტანდარტით ბრალს, რომელიც საჭიროა აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად დღეისათის და ჩვენი პოზიცია იქნება, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს სასამართლომ ბრალდებული. ის, რომ სასამართლო მიკერძოებულია - ფაქტია და ამაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება. ვფიქრობ, რომ თითონ ბრალდებულთან კონსულტაციის შემდეგ მექნება და არ არის გამორიცხული, მოსამართლის აცილების საკითხიც დადგეს დღევანდელ პროცესზე, - ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.