მიქაუტაძის ოჯახი არ პასუხობს კითხვას, მიმდინარეობს თუ არა საპროცესო გარიგებაზე მოლაპარაკება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის განხილვა დასრულდა.
დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები განიხილა.
დაკავებული მაღალჩინოსნის ოჯახმა პროცესის დასრულების შემდეგ, "პირველების" კითხვას, მიმდინარეობს თუ არა საპროცესო გარიგებაზე მოლაპარაკება, არ უპასუხა.
თქვენ ხომ ჩვენზე ადრე გებულობთ ყველაფერს. თქვენ გეცოდინებათ ჩემზე კარგად. ადვოკატები აკეთებენ განცხადებებს. ადვოკატები გპასუხობენ ყველაფერზე და მე არ ვარ საჭირო," - თქვა რომეო მიქაუტაძის ცოლმა.
საქმის პროკურორის, ირაკლი მარშანიას მტკიცებით, პროცესზე განხილული მტკიცებულებები და სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმეები რომეო მიქაუტაძის ბრალდებას ადასტურებენ.
ამასთან პროკურორი განმარტავს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის უნდა არსებობდეს წინაპირობები - უნდა აღიაროს ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული, ზიანი უნდა აანაზღაუროს და უნდა მიმართოს პროკურატურას - თუმცა მოცემულ შემთხვევაში ასეთი წინაპირობები სახეზე არ არის.
ამ დისკებში ასახული იყო სხვადასხვა ინფორმაცია, რომლითაც იხელმძღვანელა რევიზიამ და შესაბამისი დასკვნა შეადგინა. ასევე, სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებებიც იყო. რომეო მიქაუტაძის ბრალდება დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, რომელთა... დაახლოებით 70-ზე მეტი უკვე დაიკითხა, დასტურდება ასევე მოპოვებული ინფორმაციებით და რევიზიის აქტებით. დაკითხული არის სასამართლო პროცესზე 70 მოწმეზე მეტი, რომლებიც პირდაპირ ამხელდნენ რომეო მიქაუტაძეს დანაშაულის ჩადენაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობაში, ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და აღნიშნული მოწმეები რომეო მიქაუტაძეს უდაოდ არ გაუხდია.
საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები, უნდა აღიაროს ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული, ზიანი უნდა აანაზღაუროს და უნდა მიმართოს პროკურატურას. მოცემულ შემთხვევაში არცერთი ასეთი წინაპირობა სახეზე არ არის," - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.
ადვოკატი, ბექა ნემსიწვერაძე აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
მოწმეები, რომელიც გამოკითხული იქნა ვერ ადასტურებენ ვერანაირად ვერცერთ ეპიზოდში რომეო მიქაუტაძის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. თუ ბრალდების მხარეს გააჩნია ისეთი მოწმე, რომელიც დაადასტურებს წარდგენილ ბრალდებას, ჩვენ ველოდებით წარმოადგინონ ასეთი მოწმე, თუმცა უკვე მერამდენე პროცესია ისინი ვერ ახერხებენ ასეთი მოწმის წარმოდგენას.
პოზიციას რაც შეეხება, პოზიცია არის უცვლელი, რომეო მიქაუტაძე თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მოლაპარაკება. რაც შეეხება წინაპირობას წინაპირობა საპროცესო შეთანხმების გაფორმების არსებობს ყოველთვის, სანამ საქმე განიხილება სასამართლოში. ვნახოთ მომავალში თუ შეიცვლება რაიმე პოზიციები, ამის შესახებ ცნობილი გახდება ყველასთვის," - განაცხადა ბექა ნემსიწვერაძემ.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.