დუმილი გისოსებს მიღმა - როგორია ღარიბაშვილის სტრატეგია

13.01.26 20:03
დუმილი გისოსებს მიღმა - როგორია ღარიბაშვილის სტრატეგია

დაპატიმრებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო კომენტარებს ამ ეტაპზე არ აკეთებს. მისი ადვოკატის განცხადებით, ექს-პრემიერი მოთავსებულია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ერთადგილიან საკანში, ყოველგვარი განსაკუთრებული პრივილეგიის გარეშე და ამჟამად ელოდება ტელევიზორის შეძენას.

ღარიბაშვილი ციხეში საპროცესო გარიგების საფუძველზე მოხვდა - ბრალის აღიარებისა და შეთანხმების სანაცვლოდ. პროცესი სრულად დახურულ რეჟიმში წარიმართა და მის დაკავებას არ მოჰყოლია არც საჯარო განცხადება თავად ყოფილი პრემიერის მხრიდან და არც დეტალური განმარტება "ოცნების" ხელისუფლებისგან.

ამ ფონზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები დამატებით კითხვებს აჩენს. პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის მიერ საჯარო განცხადებების გაკეთების შემთხვევაში შესაძლოა „კიდევ უფრო მეტი ფაქტი გამხდარიყო ცნობილი“, რასაც პოლიტიკურ წრეებში როგორც შესაძლო ზეწოლის ან გაფრთხილების სიგნალს, ისე აფასებენ.

კითხვები რჩება იმაზეც, ხომ არ იყო ეს მინიშნება იმაზე, რომ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ შესაძლოა დამატებითი საქმეების გახსნა მომხდარიყო, მათ შორის ქონებასთან დაკავშირებით. თუმცა ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმე დასრულებულია და მის წინააღმდეგ დამატებითი ბრალდებები არ არსებობს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.