"ოცნების" ამერიკული "კავშირი" ჩამოიშალა - კიმბერლი ლოუ ქართველ მასპინძლებს თაღლითობაში ადანაშაულებს
აშშ-ში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტულ ფიგურად მიჩნეული კიმბერლი ლოუ აცხადებს, რომ საქართველოში მისი სახელით თაღლითობენ. ქალი, რომელსაც ერთი წლის წინ თბილისში აეროპორტში ოფიციალური დახვედრაც კი მოუწყვეს, ახლა ამბობს, რომ ადამიანები, რომლებმაც იგი თბილისში „დონალდ ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირის“ სტატუსით ჩამოიყვანეს, დიდი თაღლითური სქემის ორგანიზატორები არიან.
ლოუ, რომელიც ივანიშვილის პარტიას იმედს აძლევდა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგებაში დაეხმარებოდა, ამ დრომდე აშშ-ის ხელისუფლებაში არანაირ ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს. მიუხედავად ამისა, ის ამტკიცებს, რომ დენიგანის წასვლის შემდეგ საქართველოში ამერიკის ელჩის პოსტზე მისი კანდიდატურა დასახელდა.
ბოლო 24 საათში კიმბერლი ლოუმ ორი განცხადება გაავრცელა და სამი ადამიანი დაადანაშაულა მისი სახელის თაღლითურად გამოყენებაში. მათ შორისაა ბესო შენგელია, რომელიც საკუთარ თავს ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატად წარადგენს და გასულ წელს ამავე სტატუსით „ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხს შეხვდა.
კიმბერლი ლოუ, რომელსაც აშშ-ში „ქართული ოცნების“ ბოლო იმედად მიიჩნევდნენ, სავარაუდოდ "ოცნების" გუნდს ვეღარ დაეხმარება. იგი პირველად გასული წლის დეკემბერში გამოჩნდა, როდესაც თბილისში მასობრივი პროტესტი მიმდინარეობდა. მაშინ ივანიშვილის პარტიის კონტროლირებადმა მედიამ ლოუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სავარაუდო წარმომადგენლად წარმოაჩინა და საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ის საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.