ელისაშვილი მდინარაძეს პირად ანგარიშსწორებაში ამხელს - რა თქვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პროცესზე

13.01.26 21:12
ელისაშვილი მდინარაძეს პირად ანგარიშსწორებაში ამხელს - რა თქვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პროცესზე

დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პირად შურისძიებას წარმოადგენს და პასუხისმგებლობას მამუკა მდინარაძეს აკისრებს. ელისაშვილის თქმით, სწორედ მდინარაძის მითითებით იქნა ის მოთავსებული განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის ციხეში მძიმე პირობებში.

ელისაშვილისა და მდინარაძის დაპირისპირება დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც „რუსული კანონის“ განხილვისას პარლამენტის ტრიბუნასთან ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სახეში დაარტყა.

დღევანდელ პროცესზე ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის უკვე ერთ თვეზე მეტია ვერ ახერხებს ციხის მაღაზიაში საკვებისა და საჭირო ნივთების შეძენას, რადგან მისი პატიმრის ბარათი დაბლოკილია. მისივე ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსი მიზანმიმართულ ზეწოლას ექვემდებარება და მამუკა მდინარაძის პირადი სამიზნეა.

სასამართლო სხდომაზე ელისაშვილმა სკანდალური განცხადებების გაკეთება დაიწყო, რის შემდეგაც მოსამართლემ მას სიტყვა აღარ დაასრულებინა და სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

პენიტენციურმა სამსახურმა ელისაშვილის განცხადებებს საგანგებო განცხადებით უპასუხა და მათი შინაარსი უარყო, განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ალეკო ელისაშვილს ბრალად ედება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობა. გამოძიების ვერსიით, მან შენობას ბენზინი გადაასხა და ცეცხლის წაკიდებას აპირებდა. ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიტიკოსს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ელისაშვილი ასევე სვამს კითხვას, რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება იმ ფაქტზე, როდესაც ერთი წლის წინ საპროტესტო აქციიდან ის გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.