"ვერაფერი იპოვეს" - იულია ტიმოშენკო მისი პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩატარების ფაქტს ადასტურებს
პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩატარების ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ უკრაინელი პოლიტიკოსი facebook-ის პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, ჩხრეკა სასამართლოს ბრძანების გარეშე ჩატარდა და ანტიკორუფციული სააგენტოების თანამშრომლებმა „ვერაფერი იპოვეს“.
„ახლახან „ბატკივშინას“ პარტიის ოფისში ე.წ. სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და კანონთან საერთო არაფერი აქვს. ოცდაათზე მეტმა შეიარაღებულმა პირმა, ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, შენობა დაიკავა და თანამშრომლები ფაქტობრივად მძევლად აიყვანა“, -„ყველა აბსურდულ ბრალდებას კატეგორიულად უარვყოფ. როგორც ჩანს, არჩევნები გაცილებით ახლოსაა, ვიდრე აქამდე გვეგონა. ვიღაცამ კონკურენტების მოშორება გადაწყვიტა“, - წერს ტიმოშენკო „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
პოლიტიკოსი ეჭვს გამოთქვამს, რომ "ვიღაც კონკურენტების წმენდას ცდილობს".
„უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს ცნობას, რომ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ რადას ფრაქციის, „ბატკივშინის“ ხელმძღვანელი იულია ტიმოშენკო კორუფციაში ამხილეს.
უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროში ამტკიცებენ, რომ უმაღლესი რადას ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი სხვა ფრაქციების წევრ დეპუტატებს, კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა და მათ მოსყიდვას ცდილობდა. თუმცა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროში არ დაუკონკრეტებიათ, ვისზე იყო საუბარი.