კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდით ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელი აქვს
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდით ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელი აქვს.
"ოცნების" პრემიერი აბუ-დაბიში მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას ირწმუნება, რომ ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში 9.3 % -ია, რაც რეგიონში კორუფციის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით არის განპირობებული.
მისივე მტკიცებით, ეკონომიკური ზრდა ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია.
„ძალიან წარმატებული ქვეყანა ვართ ეკონომიკური განვითარებით, არამხოლოდ ჩვენს, არამედ უფრო ფართო რეგიონში. ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო - 9.3 %, ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში. ასევე, სწორად თუ იქნება შეფასებული ეკონომიკური წარმატება, ეს არის ზუსტად ეკონომიკური რეფორმების შედეგი, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, ეს არის იმის შედეგი, რომ კორუფციის დონე ყველაზე დაბალია ჩვენთან რეგიონის მასშტაბით და ამ მიმართულებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს.
თუ სამართლიანად იქნება შეფასებული საქართველოს მაჩვენებლები და მიღწევები, ნაბიჯ-ნაბიჯ, რასაც ვაკეთებთ, ენთუზიაზმი უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. ჩვენ ბუნებრივად ვეკუთვნით ევროპას, ვცდილობთ მაქსიმუმს, რომ წინ წავიწიოთ, განვავითაროთ ქვეყანა ეკონომიკური ზრდის, მმართველობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, სწორედ ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. არსებობს გარკვეული სირთულეები ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პოლიტიკური გარემოებების შეცვლის საფუძველზე მოხდება ინტეგრაცია“, - განაცხადა კობახიძემ.