პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ სრულ იზოლაციაშია - მსოფლიო ბანი განმარტებას ითხოვს

15.01.26 17:40
პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ სრულ იზოლაციაშია - მსოფლიო ბანი განმარტებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა, პაატა ბურჭულაძემ, დღეს, მოსამართლესა და პროკურორებს მიმართა და განმარტება ითხოვა, რატომ არიან ის და მასთან ერთად დაკავებული პირები სრულ იზოლაციაში. 

პროკურორმა დაკავებული მსოფლიო ბანის კითხვას პასუხი ვერ გასცა. 

პაატა ბურჭულაძის შვილი, ლექსო ბურჭულაძე ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც პატიმარს ბავშვებთან კომუნიკაციაც კი აკრძალული აქვს. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" არ აწყობს, რომ აქციის ორგანიზატორებმა 4 ოქტომბერზე ისაუბრონ და "მხოლოდ და მხოლოდ იმ ნარატივს ავრცელებენ, რაც თვითონ აწყობთ". 

4 ოქტომბრიდან არანაირი კომუნიკაცია არ გაგვაჩნია, არცერთ ოჯახის წევრს, არც ბავშვებს, აბსოლუტურად არავის და სრულიად გაუგებარია, რა პრობლემა შეიძლება იყოს იმისთვის, რომ 5-6 წლის ბავშვთან ჰქონდეს სატელეფონო კომუნიკაცია, ვიზიტზეც არ არის საუბარი.

ახსნა-განმარტება ფაქტობრივად არ არსებობს, დეტალურად, რატომ არის ეს პრობლემა, რა საშიშროება შეიძლება იყოს აქედან გამომდინარე, რომ ოჯახის წევრმა ელემენტარულად მოიკითხოს და ელემენტარული ინფორმაცია გაიცვალოს კარგად ვართ, ცუდად ვართ თუ რა ხდება. 

ამას ვუკავშირებ იმას, რომ არანაირად არ აწყობთ რომ ისაუბრონ ორგანიზატორებმა 4 ოქტომბერზე, საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება და საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ იმ ნარატივს, რაც თვითონ აწყობს. აქედან გამომდინარე სრულიად იზოლაციაში არიან ის ხალხი, ვინც რეალურად დაგეგმეს და არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ისაუბრონ. 

ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, რასაკვირველია, გამოიკითხებოდა [პრემიერ-მინისტრი] იმიტომ, რომ ცალსახად ყველას გვახსოვს, რომ გამოვიდა და ისაუბრებდა, რომ უფრო დიდ სიურპრიზს დაახვედრებდა  და როგორ არ არის ეს გამოსაკვლევი, როდესაც ვნახეთ სიურპრიზი რეალურად და იქნებ, მართლა ამ სიურპრიზზე არის საუბარი," - განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ. 

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.