ციხით მუქარა ტროტუარზე დგომის გამო - წესრიგის დაცვა თუ სამართლებრივი აბსურდი?!

15.01.26 21:12
ციხით მუქარა ტროტუარზე დგომის გამო - წესრიგის დაცვა თუ სამართლებრივი აბსურდი?!

ტროტუარზე დგომა და მშვიდობიანი პროტესტი 5 ადამიანს შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით პატიმრობად დაუჯდეს. ხუთივე მათგანს ერთი რამ აერთიანებს - გასულ თვეებში აქციაზე იდგნენ ოღონდ ტროტუარზე და არაც არავის უშლიდნენ ხელს. "ქართულმა ოცნებამ" მიზანში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც ამოიღო.

პატიმრობის მოლოდინში არიან კონსტანტინე და კახა მიქაიებიც. ყოველდღიური პროტესტის მონაწილეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ ფორმით, „ქართული ოცნება“ მოქალაქეების დაშინებას ცდილობს. არ გაუკვირდებათ, თუკი რამდენიმე ადამიანს ციხეში სწორედ საჩვენებლად გამოკეტავენ  და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ზეწოლას ამ ფორმით მოახდენენ.

მანამდე, შეწყდა  და შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს გადაეცა გიორგი წულაიას და ანა ბდეიანის საქმეებიც. ბდეიანი, 3 შვილის დედაა, თუმცა, რისკები კარგად გაზომილი და გააზრებული აქვს. ბრძოლის შეწყვეტას არც მუქარის, არც დაშინების და არც პატიმრობის ფასად არ აპირებს.