შს მინისტრის სანქცირებულ მოადგილეს გაეროში ადამიანის უფლებებზე სალაპარაკოდ აგზავნიან

16.01.26 11:39
შს მინისტრის სანქცირებულ მოადგილეს გაეროში ადამიანის უფლებებზე სალაპარაკოდ აგზავნიან

შს მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, რომელიც ადამიანების წამების გამოა დასანქცირებული, ამჯერად, გაეროში  ადამიანის უფლებებზე სალაპარაკოდ აგზავნიან. მასთან ერთად დელეგაციაში იქნებიან როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის წევრები, პროკურატურის მაღალჩინოსნები, მოსამართლეები და ცესკოს წარმომადგენლები. ჟენევაში უნივერსალური პერიოდის მიმოხილვის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დელეგაცია 25 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით დაესწრება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სანქცირებულ მაღალჩინოსანს ადამიანის უფლებებზე სალაპარაკოდ აგზავნიან. დარახველიძეს ამ თემაზე სასაუბროდ ევროკავშირში აგზავნიდნენ, თუმცა,  ეს შეხვედრა საერთოდ ჩაიშალა.

უფლებადამცველებისთვის გაუგებარია, რა შეიძლება ჰქონდეს სატქელი ადამიანის უფლებებზე სანქცირებულ დარახველიძეს, რომელიც, მათი თქმით, თავად არის იმ რეპრესიული კანონმდებლობის თაანავტორი, რომელსაც "ოცნება" მოქალაქეები წინააღმდეგ ახორციელებს. 

ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში უკვე შემასფოთებლად კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. შესაბამისად, მე არ ვიცი თუ რა სათქმელი ექნება დარახველიძეს ზუსტად იმაზე, რომ ზუსტად მისი უწყება ტროტუარზე დგომისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება. მე არ ვიცი, დარახველიძეს, რომელიც ამ ყველაფრის თანაავტორია, რა სათქმელით შეიძლება, ჰქონდეს გაეროსთან ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუჯობესებაზე, - ამბობს უფლებდამცველი. 

ამავე აზრს იზიარებს კიდევ ერთი უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ასეთ ანგარიშებში სახელმწიფოს გარდა, სხვა, ალტერნატიული და უფრო ობიექტური მოსაზრებებიც მოხვდეს. 

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა ეს არის გაეროს მექანიზმი, რომელიც ამოწმებს, როგორ იცავენ ქვეყნები ადამიანის უფლებებს და მათი რეკომენდაციები ხშირად ხდება ხოლმე რეალური ცვლილებების თუ ადვოკატირების საფუძველი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ასეთ დროს აღიაროს ხოლმე ის პრობლემები, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით დგას. გასული წელი იყო განსაკუთრებით მძიმე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რაც გამოიხატებოდა რეპრესიული კანონმდებლობის მიღებაში, პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაში, საუფუძვლო დაკავებებსა და დაჯარიმებებში. არსებულ ფონზე აშკარაა, რომ სახელმწიფო არ აღიარებს იმ გამოწვევებს, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით დგას. უფრო მეტიც, ის თავად არის შემოქმედი იმ რეპრესიული და არადემოკრატიული კანონმდებლობისა, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიშებში სახელმწიფოს გარდა მოხვდეს სხვა, ალტერნატიული მოსაზრებები, რომელიც უფრო რეალურ და ობიექტურ ინფორმაციასა და გარემოებებზე იქნება დაფუძნებული, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.