"პირველების" ინფორმაციით, "ოცნებაში" სინდისის პატიმრების ნაწილის შეწყალებაზე იმსჯელეს
ყაველაშვილის ადმინისტრაცია შეწყალების სიაზე მუშაობას ასრულებს. არსებული ინფორმაციით, ორშაბათს დილით შეწყალებულ პატიმართა გვარები პენიტენციურ დაწესებულებებს უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც ისინი ციხეები დატოვებენ.
ჯერჯერობით უცნობია, ვის შეეხება შეწყალება. "პირველების" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარეობდა მსჯელობა სინდისის პატიმრების ერთი ნაწილის შეწყალებაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე უცნობია.
ივანიშვილის გუნდში ამბობენ, რომ არ იციან, ვის შეეხება კონკრეტულად შეწყალება, თუმცა მიიჩნევენ, რომ ამისთვის ჯერ "მონანიებაა" საჭირო. გია ვოლსკის თქმით, "შეწყალება" სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, თუმცა "შესაწყალებელსაც გააჩნია".
ამასთან, ვოლსკი აღნიშნავს, რომ შესაწყალებლებთან დაკავშირებით ყაველაშვილი კონსულტაციებს "ოცნების" გუნდთან გაივლის.
თუკი ვიმსჯელებთ გარკვეული თემებით, ემოციებით, სწავლებებით, რასაკვირველია, მოწყალება არის ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია. ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ უნდა დაინგრეს და ცეცხლში გაეხვეს საქართველო და ამას არ უარყოფს და არანაირ წუხილს ამასთან დაკავშირებით არ განიცდის, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, ძალიან ძნელია შეწყალებაზე ლაპარაკი. რასაკვირველია, ყაველაშვილი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინიპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება ყველა მიმართულებით. ასე მგონია, რომ ამ კონსულტაციების გარეშე არ უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული, - ამბობს ვოლსკი.
ირაკლი ქადაგიშვილი კი ამბობს, რომ თუკი ყაველაშვილი შეწყალების აქტს გამოსცემს, ეს მხოლოდ "ჰუმანიტარული მიზნებით" იქნება განპირორებული.
პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ ჰუმანიტარული მიზნებით შეწყალების აქტი გამოსცეს. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე. ოპოზიციას, გარდა პოლიტიკური ჭორაობისა, როგორც ვისმენთ ხოლმე, ყავაზე ნამკითხავების გრძელ ისტორიებს, სხვა, რა თქმა უნდა, აზრი არც გააჩნია, - ამბობს ქადაგიშვილი.
მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ მორიგ შეწყალების აქტს ხელს ნათლისღების დღესასწაულზე მოაწერს.