ქვეყანა დავოსის ფორუმს მიღმა - ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველო გლობალური პროცესებიდან გამოთიშა

16.01.26 15:28
ქვეყანა დავოსის ფორუმს მიღმა - ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველო გლობალური პროცესებიდან გამოთიშა

ოპოზიციის შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების არმიწვევა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მკაფიო დადასტურებაა და აჩვენებს, რომ ივანიშვილის გუნდს გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში ნდობა დაკარგული აქვს. 

"ლელოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილის თქმით, ეს ვითარება ივანიშვილის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური არჩევანის პირდაპირ შედეგს წარმოადგენს.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ყოველწლიურად იკრიბებიან ის ადამიანები, რომელსაც მსოფლიო სავაჭრო ჯაჭვზე და ეკონომიკურ პროცესზე რაღაც გავლენა აქვთ ან ჰქონდათ, ან მომავალში პოტენციალი აქვთ იმის, რომ ჰქონდეს და გამრავლების ტაბულას ბოლომდე რო ვერ ცნობენ, ეგეთ ადამიანებს იქ არაფერი ესაქმებათ. კობახიძსნაირ კუმპულსიურ აფერისტებს, რომელიც სადაც არის იქ იტყუება კონიუქტურის შესაბამისად, როდესაც იკრიბება, დავოსისნაირ შესაბამის ღონისძიებებზე არ იწვევენ. შეიძლება, აბუ-დაბუში ვიღაც დააბოლოს და ტყუილები ელაპარაკოს. დავოსში ირაკლი კობახიძეს არავინ დაუჯერებს, რომ არაჩვეულებრივი ეკონომიკური ზრდა აქვს და ბიძინა ივანიშვილი და თვითონ არიან რაღაც ჯადოქრები მსოფლიო ვაჭრობის და საქართველო რაღაც ახალ ნიშნულზე გაიყვანეს, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი კი ამ პროცესს ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს და აცხადებს, რომ დავოსის ფორუმზე საქართველოს არმონაწილეობა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის კიდევ ერთი ნათელი ნიშანია. 

2024 წლიდან პლატფორა იყო საქართველოსთვის ეკონომიკური ინვესტიციების მოსაზიდად და სწორედ ამ ფორუმზე წყდება და მიიღება გლობალური სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რაც, ცხადია, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მდებარეობს. წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ ფორუმს, ვინაიდან ამ ფორუმში იღებს დონალდ ტრამპიც მონაწილეობას. საერთოდ, საგარეო კუთხით, გეოპოლიტიკის კუთხით ცვლილებებია მსოფლიო დღის წესრიგში. საქართველო, კობახიძის და ივანიშვილის ხელისუფლების შემთხვევაში, არის სრულად იზოლირებული და აი, სწორედ იზოლაციის დამადასტურებელია ის, რომ მეორეჯერ აღარ იწვევენ უკვე საქართველოს დავოსის ფორუმზე. "ქართულმა ოცნებამ" არჩევანი გააკეთა, არჩევანი გააკეთა აშხაბადში, როდესაც პუტინის მშვიდობის ფორუმზე გამოცხადდა. საქართველოს გარდა, ესეც ნიშანდობლივია, რომ არ არის მიწვეული რუსეთი, არ არის მიწვეული ირანი, - ამბობს ბუტიკაშვილი. 

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას  BM.GE  ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კობახიძე დავოსის ფორუმზე წელსაც არ მიუწვევიათ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 56-ე ყოველწლიური შეხვედრა დავოსში წელს, 19-23 იანვარს გაიმართება და მთელი მსოფლიოდან მთავრობების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს გააერთიანებს. წლევანდელი შეხვედრის თემაა "დიალოგის სული" (A Spirit of Dialogue).