„უდიდესი რეპუტაციული დარტყმა ეკონომიკურ იმიჯზე“ - ბაირახტარი დავოსის ფორუმზე საქართველოს არმიწვევაზე
დიდესი რეპუტაციული დარტყმა ქვეყნის ეკონომიკური იმიჯისთვის, - ასე აფასებს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ფაქტს, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველო წელსაც არ მიიწვიეს.
ეკონომისტის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მსგავს პლატფორმებზე არმონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკურ იზოლაციაზე მიუთითებს და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობასა და საერთაშორისო სანდოობას. მისი თქმით, ასეთ ფორუმებზე მიუწვევლობა პირდაპირი სიგნალია იმისა, რომ ქვეყანა გლობალური ეკონომიკური პროცესებიდან გამორიცხულია.
დავოსის ფორუმი არის ერთ-ერთი წლის მტავარი ეკონომიკური ფორუმი და მოვლენა განვითარებული და დამოუკიდებელი სამყაროსთვის და ღია ბაზრის ეკონომიკებისთვის. რაც შეეხება "ქართული ოცნების" რეჟიმს, აქ მიდგომა ძალიან მარტივია, ისინი, უბრალოდ, საიდანაც გაირიყებიან ხოლმე, შემდეგ იწყებენ იმ ყველაფრის უარყოფას დაწყებული თავიანთი წევრებიდან გაგრძელებული ორგანიზაციებითა და საერთაშორისო ფორუმებით. როდესაც არ გიწვევენ საერთოდ ამ ფორუმზე, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ ეკონომიკურად გარიყული და იზოლირებული, რაც არის უდიდესი რეპუტაციული დარტყმა ქვეყნის ეკონომიკური იმიჯისთვის, - ამბბს პაატა ბაირახტარი.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კობახიძე დავოსის ფორუმზე წელსაც არ მიუწვევიათ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 56-ე ყოველწლიური შეხვედრა დავოსში წელს, 19-23 იანვარს გაიმართება და მთელი მსოფლიოდან მთავრობების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს გააერთიანებს. წლევანდელი შეხვედრის თემაა "დიალოგის სული" (A Spirit of Dialogue).