„თვალებში ნაცრის შეყრაა“ - ყოფილი ელჩები სანქცირებული დარახველიძის გაეროში გაგზავნაზე
"ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სანქცირებული დარახველიძე გაეროში ადამიანის უფლებების თემაზე გაგზავნოს, ყოფილი ელჩები საერთაშორისო სივრცეში საკუთარი იმიჯის ხელოვნურად გაუმჯობესების მცდელობად აფასებენ. მათი შეფასებით, მსგავსი ვიზიტები ვერ ცვლის ქვეყნის რეალურ მდგომარეობას და ვერ ახდენს გავლენას იმ საერთაშორისო შეზღუდვებზე, რომლებიც "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე დაუწესდათ.
როგორც "პირველებთან" ჟენევაში ყოფილი ელჩი ამბობს, გაეროს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა პროცედურული ხასიათისაა და არ ნიშნავს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლას, რაც შიდა აუდიტორიისთვის რეალობის დამახინჯებულ წარმოდგენას ქმნის.
ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ, ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებიც არიან სანქცირებულები, რომლებმაც ყველანაირად თავი "გამოიჩინეს", მათ შორის ადამიანების უფლებების შელახვის კუთხით, ასეთი ადამიანები რაც შეიძლება უფრო მეტად გაიყვანოს ვითომ საერთაშორისო ასპარეზზე. გაეროში ვიზიტი არ ნიშნავს საერთაშორისო კარჩაკეტილობის და აი, ამ ჩაკეტილობის რაღანაირად მოხსნას. ეს პროცედურული მომენტებია, რომელიც არის წინასწარ შეთანხმებული და მათი ჩასვლა იქ, ვერ ზღუდავს გაერო დელეგაციის შემადგენლობას ვერანაირად. ეს არის ქვეყნის პრეროგატივა. ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს მათ გათავისუფლებაზე იმ წრიდან, რომელიც მოქმედებს უკვე მსოფიო თანამეგობრობის მიერ. ამიტომ ეს თვალში ნაცრის შეყრაა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც საქართველოშია, - ამბობს ყოფილი ელჩი ჟენევაში.
"საერთაშორიოს გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ალექსანდრე ბარამიძე "ოცნების: ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკიდურესი ცინიზმის გამოვლინებად აფასებს და ყურადღებას ამახვილებს სანქცირებული პირების პასუხისმგებლობაზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების კუთხით.
უკიდურესი ცინიზმის გამოვლინებაა ის, რომ გაეროში მომხსენებლად აგზავნიან სხვებთან ერთად დარახველიძეს, რომელიც არის სანქცირებული სწორედ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილიგასული პერიოდის განმავლობაში შსს-ს მხრიდან. საინტერესოა, რას მოუყვება დარახველიძე ჟენევაში, თავის სიტყვაში რას იტყვის. ალბათ იმას, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმმა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური საშუალებები გამოიყენა, ალაბთ იმას, რომ უმოწყალოდ სცემეს ადამიანები, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, საიდანაც 300 კაცი საავადმყოფოში აღმოჩნდა, ალბათ იმას, რომ საბოლოოდ მოსპეთ ამ ქვეყანაში შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება. სხვა მოსაყოლი მათ არაფერი აქვთ, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
ცნობისთვის, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ადამიანების წამების ბრალდების გამო დასანქცირებულია, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში გაეროში ადამიანის უფლებების საკითხებზე დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება. დელეგაცია ჟენევაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, 25–28 იანვარს იმუშავებს და მასში მთავრობის, ადმინისტრაციის, პროკურატურის, სასამართლო სისტემისა და ცესკოს წარმომადგენლებიც შედიან.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სანქცირებული მაღალჩინოსანი ადამიანის უფლებებზე სასაუბროდ იგზავნება. დარახველიძის ევროკავშირში ვიზიტიც იგეგმებოდა, თუმცა აღნიშნული შეხვედრა საბოლოოდ ჩაიშალა.