წლის მთავარი ეკონომიკური ფორუმი საქართველოს გარეშე - რა სიგნალია ექსპერტებისთვის

16.01.26 20:18
წლის მთავარი ეკონომიკური ფორუმი საქართველოს გარეშე - რა სიგნალია ექსპერტებისთვის

„ქართული ოცნება“ ცდილობს, დააკნინოს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობა, იმ ფონზე, როდესაც მათი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი წელს დავოსში არ არის მიწვეული. შვეიცარიაში გამართულ ამ შეხვედრაზე, ტრადიციულად, მსოფლიოს ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი მიმართულებები და გლობალური სტრატეგიები განიხილება, თუმცა საქართველო უკვე მეორე წელია ამ პროცესის მიღმა რჩება.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე არ მიიწვიეს, რაც მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა. შესაბამისად, მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური მოვლენა საქართველოს გარეშე ჩაივლის. ბოლოს, 2024 წელს, ფორუმს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

კრიტიკოსების შეფასებით, დემოკრატიული უკუსვლისა და საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავების შემდეგ, საქართველო ეტაპობრივად გამოეთიშა გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან პლატფორმებს, როგორიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმია.

2004 წლიდან საქართველო დავოსის ფორუმს რეგულარულად ესწრებოდა, ხოლო „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აქტიურად უსვამდა ხაზს ამ შესაძლებლობის მნიშვნელობას. არქივში შემორჩენილია 2013 წელს გადაღებული კადრებიც, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში დავოსში ჩავიდა და უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრებს პირადად მართავდა, კარგად აცნობიერებდა რა ამ ფორუმის როლს საერთაშორისო ურთიერთობებში.

დღეს კი, ექსპერტების შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან საქართველოს ფაქტობრივი გამოთიშვა საერთაშორისო იზოლაციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მათი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ აღიქვამენ სანდო პარტნიორად, საქართველო აღარ ითვლება ეკონომიკურად მიმზიდველ ქვეყნად, რის გამოც ივანიშვილის გუნდის ლიდერებს საერთაშორისო ასპარეზზე აღარ ხვდებიან და დიალოგშიც აღარ ერთვებიან - ამ პროცესში კი ქვეყანაც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ჰკარგავს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.