სანქცირებული ჩინოვნიკის რეაბილიტაციის მცდელობა - „ოცნება“ ალექსანდრე დარახველიძეს გაეროში აგზავნის
ირაკლი კობახიძის ბრძანებით გაეროში ადამიანის უფლებების საკითხებზე გაგზავნილი სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა დამტკიცდა. დოკუმენტის მიხედვით, დელეგაციაში მოხვდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დანიშნული შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ არის სანქცირებული.
გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა წარმოადგენს მექანიზმს, რომლის ფარგლებში ფასდება, როგორ იცავენ ქვეყნები ადამიანის უფლებებს. კრიტიკოსების შეფასებით, ამ კონტექსტში განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ადამიანის უფლებებზე მოხსენებით უნდა წარდგეს პირი, რომელიც თავად უკავშირდება დემონსტრაციების დროს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, ძალადობასა და უკანონო დაკავებებს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სანქცირებული მაღალჩინოსანი ადამიანის უფლებებზე სასაუბროდ საერთაშორისო ფორმატში იგზავნება. რამდენიმე კვირის წინ ალექსანდრე დარახველიძე ევროკავშირთან მოლაპარაკებებში ჩართული დელეგაციის შემადგენლობაშიც მოხვდა, რასაც სკანდალი მოჰყვა - ევროკავშირის მხარემ სანქცირებული პირის მონაწილეობა მიუღებლად მიიჩნია და შეხვედრა გააუქმა.
ექსპერტების შეფასებით, სანქცირებული პირების საერთაშორისო ასპარეზზე „რეაბილიტაციის“ მცდელობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად იქცა, რის გამოც "ოცნების" ხელისუფლება მზად არის, პროცესთან დაკავშირებული ყველა რისკი აიღოს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.