დაანონსებულ შეწყალებაზე “ოცნებაში“ კომენტარი კეთდება
აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი სინდისის პატიმრების და მზია ამაღლობელის შეწყალებას - „ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ყაველაშვილი ინდივიდუალურად, ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას.
ისინი არ ამბობენ, იყო თუ არა კონსულტაციები შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა, აცხადებენ, რომ შეწყალების აქტი შეეხებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც “მოინანიებს და აღიარებს დანაშაულს.“
ლევან მახაშვილის თქმით, საკითხზე, შედგა თუ არა რაიმე კონსულტაცია ამ საკითხზე მიხეილ ყაველაშვილთან, ინფორმაცია არ აქვს და მას მონაწილეობა მსგავს შეხვედრაში არ მიუღია.
„საქართველოს პრეზიდენტმა მკაფიოდ გააკეთა განცხადება, რომ ის მზად არის, შეიწყალოს ადამიანები, რომლებიც საკუთარ დანაშაულს აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ. იმ ადამიანებისგან, რომლებზეც თქვენ მეკითხებით [აქციის დროს დაკავებულები], ასეთი არაფერი მოგვისმენია, მაგრამ ვნახოთ, საბოლოოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია. კონსულტაცია იქნება, იყო თუ არ იყო ეს საბოლოო ჯამში პრეზიდენტის გადასაწყვეტია - ვის შეიწყალებს და რატომ შეიწყალებს”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
კითხვაზე, როგორია მისი აზრი, უნდა შეიწყალოს თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა აქციის დროს დაკავებული ადამიანები, მახაშვილმა უპასუხა, რომ „აქ მისი აზრი რელევანტური არ არის.”
„მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე გადაწყვიტოს ამა თუ იმ ადამიანის შეწყალება. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და მას გავაკრიტიკებ, არ გავაკრიტიკებ, რაიმეს მოვუწოდებ თუ არა, აბსოლუტურად არარელევანტურია”, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მაჭარაშვილის თქმით კი, სინდისის პატიმრები “ციხიდან იმუქრებიან და შეწყალების აქტი მხოლოდ იმათთვისაა, ვინც აღიარებს და შეინანებს თავის საქციელს.“
შეწყალების ეს ჰუმანური აქტი არსებობს იმისთვის, რომ როდესაც ადამიანი შეინანებს თავის საქციელს და ითხოვს შეწყალებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იქნას განხილული ეს საკითხი, ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს ადამიანები იქიდან იმუქრებიან, რომ გამოვალთ იმაზე მეტს გავაკეთებთ, ვიდრე აკეთებდნენო, მე ყოველ შეთხვევაში ეს ინფორმაცია მაქვს, თუ არის განსახვავებული მოსაზრებები სინანულზე, ეს გვითხარით, - ამბობს მაჭარაშვილი.