დავოსი არაა ის ფორუმი, სადაც საქართველოს უკეთესი მომავალი წყდება - როგორ იმართლებენ თავს "ოცნებაში"

19.01.26 13:37
დავოსი არაა ის ფორუმი, სადაც საქართველოს უკეთესი მომავალი წყდება - როგორ იმართლებენ თავს "ოცნებაში"

"ოცნება" მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიღმა - ივანიშვილის გუნდის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატი ლევან მახაშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა თავისთავად მიზანი არ არის და მთავარი ეკონომიკური შედეგებია, რომელთა მიხედვითაც, მისი მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო მაჩვენებლებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა.

თითოეული პლატფორმა ჩვენთვის არის რაღაც შედეგის მომტანი, უნდა იყოს შედეგის მომტანი და არა უბრალოდ, რომ ამა თუ იმ წითელ ხალიჩაზე გაიაროს ხელმძღანელმა პირმა ჩვენი ხელისუფლების. ამიტომ, მოდი, ვიმსჯელოთ შედეგებით და შედეგები არის ძალიან მკაფიო, რომ საქართველს ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში და ევროპაშიც. ამიტომ, ყველაფერი ამით, მემგონი, ნათელია. დავოსის ეკონომიკური ფორუმი, როგორც ჩანს, არ არის ის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც წყდება საქართველოს ბედ-იღბალი და უკეთესი მომავალი, - ამბობს ლევან მახაშვილი. 

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმაც. მისი მტკიცებით, დავოსის ფორუმში არმონაწილეობა არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა საერთაშორისო ინსტიტუტების რეალური მაჩვენებლებით უნდა შეფასდეს. 

ჩვენი მოსყიდულია მსოფლიო ბანკი? თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჩავუტანეთ მილიონები, რომ დასკვნები დაწერონ ყოველწლიურად, რომ ვითარდება ეკონომიკა საქართველოში, როგორ გგონიათ? ან თვითონ ევროკომისია, რომელიც თავიდან ბოლომდე ხშირად არის ხოლმე განწყობილი ანტიქართულად. თავად წერს უკვე და თქვენ კარგად იცით, რომ ევრკომისიამ უკრაინა-მოლდოვის მოცემულობა ამოიღო ანგარიშიდან, საერთოდ არ დაწერა, იმიტომ, რომ ცუდის გარდა ვერაფერს დაწერდა. ეს მოცემულობა სწორედ. ასე რომ, უბედურება ის არის, რომ ყველაფერი კარგი აღიზიანებთ და თუ რამე ნახეს ისეთი, რომ შეიძლება, მათი აზრით, ხალხისთვის იყოს საინტერესო, ამას ჩაეჭიდებიან ხოლმე, - ამბობს მაჭარაშვილი. 

დავოსში დღეს მსოფილიო ეკონომიკური ფორუმი იწყება. შვეიცარიაში გამართულ ამ შეხვედრაზე, ტრადიციულად, მსოფლიოს ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი მიმართულებები და გლობალური სტრატეგიები განიხილება, თუმცა საქართველო უკვე მეორე წელია ამ პროცესის მიღმა რჩება.