ოპოზიციის მხიდან საერთო სტრატეგიაზე მუშაობის დაანონსებას "ოცნებამ" პარტიების აკრძალვის მუქარით უპასუხა

19.01.26 14:21
ოპოზიციის მხიდან საერთო სტრატეგიაზე მუშაობის დაანონსებას  "ოცნებამ" პარტიების აკრძალვის მუქარით უპასუხა

„ქართული ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვის საკითხზე ისევ ალაპარაკდა. ივანიშვილის გუნდში განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო სტრატეგიაზე მუშაობა დააანონსეს.

"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანება პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. ლევან მახაშვილის თქმით, როგორც არ უნდა გადაეწყოს ოპოზიცია და რა სახელიც არ უნდა დაირქვას, ეს შედეგს ვერ გამოიღებს.

საზოგადოება, დაახლოებით 13 წელია, ისმენს ერთი და იგივე ზღაპრებს ეფემერულ ოპოზიციური ერთობებთან დაკავშირებით, ამიტომ მე დიდ ყურადღებას ამ ზღაპრებს არ მივაქცევდი. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო პროცესი, სადაც, საზოგადოებამ იცის, რომ არის საუბარი ამ ტიპის დანაშაულებრივი პარტიების აკრძალვაზე, ჩვენი მოთხოვნა იქნება ამისი, ამიტომ ეს პროცესი ძალიან კარგად აჩვენებს, რომ რა კონფიგურაციაზეც არ უნდა გადაეწყონ, რა ფერი თუ სახელიც არ უნდა დაირქვან, ვერ ჩამოირეცხავენ იმ ძალიან მძიმე წარსულს, რაც აქვთ მათ საკუთარ ხელზე, ამიტომ, კიდევ ერთხელ, რაღა ეფემერულ, ზღაპრულ რაღაც გაერთიანებებზე საუბარი აქ, მემგონი, ზედმეტია, - ამბობს ლევან მახაშვილი. 

ოპოზიციური ძალების გეგმებს სკეპტიკურად აფასებს გურამ მაჭარაშვილიც. მისი მტკიცებით, ოპოზიციის რიგი პარტიები რეალურ პოლიტიკურ ძალას აღარ წარმოადგენენ.

ჯაფარიძის პარტია და ნაცმოძრაობა, ზოგადად, ოპოზიციად დიდი ხანია არ მოიხსენიება. ესენი არიან ის ძალები, რომლებიც ასრულებენ დაკვეთებს უცხოეთიდან და რაც შეეხება მათ ე.წ. გაერთიანებებს, თვითონაც აღარ სჯერათ. რვიანი იქნება, შვიდიანი იქნება თი რა ციფრიც არ უნდა დაიწერონ, ნული რაზეც არ უნდა გაამრავლო, იქნება ყოველთვის - ნული. მე ვარ თანახმა, რომ, რა თქმა უნდა, ისევ იყოს სალომე ზურაბიშვილი მათთვის, ეს ნაცმოძრაობას დაარქმევენ, "ახალს", "ძველს" თუ როგორც არ უნდა უწოდონ, ვარ თანახმა, რომ იყოს სალომე ზურაბიშვილი. ეს არის გასნახიერება ანტიქართული, უცხოური ძალების წარმომადგენლობის და თუ მას დაიყენებენ ისევ სათავეში, მე მხოლოდ თანახმა ვიქნები, - ამბობს მაჭარაშვილი. 

ივანიშვილის გუნდის განცხადებებს პასუხობს ოპოზიციის წარმომადგენელი თენგო თევზაძე, რომლის თქმითაც, პარტიების აკრძალვაზე საუბარი პოლიტიკური ველის გაწმენდას ემსახურება. მისი თქმით, ოპოზიციას ამგვარი ნაბიჯების არ ეშინია და მთავარ ამოცანად ერთიან ბრძოლას ასახელებს. 

ის, რომ "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლიტიკური პარტიები აკრძალოს, ეს მათი სურვილია, ვინაიდან საბოლოოდ გაწმინდონ რეალური ოპოზიციისგან პოლიტიკური ველი. მათ უნდათ, რომ საქართველოში არ არსებობდეს რეალური ოპოზიცია. ეს არის მათი არჩევანი და მათი სურვილი და რეალურად, საბოლოოდ, იმარჯვებს აკრძალული , რეალურად, საბოლოოდ იმარჯვებს ის, ვის წინააღმდეგაც რეპრესიებს მიმართავს ავტორიტარული რეჟიმი, ამიტომ ჩვენ ამის არ გვეშინია. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სტატეგიაზე შეთანხმებაა მნიშვნელოვანი და არა რომელიმე ერთი პარტიის ან ერთი ლიდერისიურიდიული გაერთიანება. ამას არც განვიხილავთ და არც ვფიქრობთ, რომ სწორი იქნება, - ამბობს თენგო თევზაძე.  

"ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვის ინიციატივა ქვეყანას ავტორიტარული რეჟიმების გზაზე აყენებს. მისი თქმით, მილიონზე მეტი ამომრჩევლის არჩევანის უგულებელყოფა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

ემსგავსება საქართველო, სამწუხაროდ, რუსეთს, ბელარუსს, თურქმენეთს და სხვა დიქტატურებს. 2024 წლის მიტაცებული არჩევნების გამოცხადებული შედეგებით, სადაც მილიონამდე ადამიანი იყო ოპოზიციის მხარდამჭერი, და ახლა სრულიად უტიფრად "ქართული ოცნება" ამ ადამიანებს ეუბნება, რომ თქვენ არჩევანი არ უნდა გქონდეთ, თქვენი რჩეული პარტიები უნდა ავკრძალოთ და თან ამბობენ, რომ ნულზე გამრავლებაო ნულის ტოლფასიაო, როდესაც ახსენებენ ოპოზიციის რაიმე ფორმით კონსოლიდაციასა და გაერთიანებას. მათივე მათემათიკით ნაცარს აყრიან თვალებში "ქართული ოცნების" პროპაგნდისტ მსხვერპლ და გაუთვითცნობიერებელ ამომრჩეველს, - ამბობს სიორიძე.

პარტიების აკრძალვის თემას ეხმაურება ენმ-ს ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილიც, რომლის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დემოკრატიებისთვის უცხოა. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი ოპოზიციის ერთიანობა და კოორდინირებული პროტესტია. 

პარტიების აკრძალვა დამახასიათებელია მხოლოდ დიქტატურებისთვის. დემოკრატიებში პარტიებს არ კრძალავენ, კრძალავენ მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაციებს, ამიტომ დიქტატურის პირობებში გაერთიანება ისე, რომ საარჩევნო პროცესისთვის ემზადებოდნენ, ასე არ ხდება. გაერთიანება ხდება წინააღმდეგობაში, იმიტომ, რომ წინააღმდეგობით უნდა დავიბრუნოთ არჩევნებიც, პოლიტიკაც და ყველაფერი, რაც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა წაგვართვა. ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი არის ერთიანობა და კოორდინაცია საპროტესტო ტალღაში, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი. 

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, ახლა აკრძალვის საფრთხის წინაშე დგანან.

ქართულ ოცნება შემდეგი პარტიების აკრძალვას ითხოვს:

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";
  • პარტია "ახალი";
  • "ძლიერი საქართველო - ლელო".