მეუფე იაკობი "ოცნებას" მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით

19.01.26 13:47
მეუფე იაკობი "ოცნებას" მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.

მეუფე იაკობმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ დიდი შერიგება ეკლესიის შუამავლობით უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ეკლესიასთან ერთად უნდა დაუძახოს ოპოზიციასაც და აქციებში მონაწილე საზოგადოებასაც. 

ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, რატომ დარბიან და რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი ქართული საქმე გვეკეთებინოს. ნურავინ დავიბრალებთ: "ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, არაფერი იქნებოდა". საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან  და არც 2012-დან დაწყებულა. გვეყო, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ. რაღაც შეცდომებს გვპატიობს ქრისტე, ჩვენ ის მაინც გავაკეთოთ - დავუძახოთ მაინც და დაველაპარაკოთ. მთავრობამ და ეკლესიამ ერთად დავუძახოთ. რამდენი წელია ვიძახით - შევრიგდეთ, შევრიგდეთო და ხან ვინ გამოხტება და ხან ვინ. ერთმანეთს როგორ მიმართავენ ხომ?! 

მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ, თუ ვინ არ წავა ამაზე, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და არ უნდა მშვიდობა. არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა, სხვა არაფერი. საქართველოსთვის სიკეთე ვაკეთოთ და ამაში შევეჯიბროთ ერთმანეთს და არ ვიტრაბახოთ- თქვა ამბიონიდან ბოდბელმა მიტროპოლიტმა. 

"შეუცვლელი არავინ არ არის" - დასძინა ნათლისღების ქადაგების დროს, ამბიონიდან მეუფე იაკობმა. სინოდის წევრის განცხადებით, აუცილებელია ერი ქვეყნის საჭიროებისთვის გაერთიანდეს, უთანხმოება კი გვერდზე გადაიდოს. 

ქართველები სულ ერთმანეთთან ბრძოლაში ვართ, აბა, გადახედეთ როგორ ვებრძვით ერთმანეთს. თუნდაც ახლანდელი პერიოდი ავიღოთ. 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, უნდა ვიდღესასწაულოთ და შეიძლება, ბანაკებად დაყოფილმა ქართველებმა ვიდღესასწაულოთ?! ჩვენ დავდგეთ იქ [სადღესასწაულო წირვაზე] და სხვა ჩვენი ძმები, თუნდაც ვიღაც თვლიდეს რომ არასწორად იქცევიან... რატომ არ ვინდომებთ, რატომ არ ველაპარაკებით მათ. 

როდესაც ჩვენ ლოცვებს ვკითხულობთ, მთავრობას და მხედრობას ვავედრებთ. ვევედრებით, რომ ყველა მტერზე გაიმარჯვოს და ქვეყანაში მყუდრო ცხოვრება იყოს. გვაქვს კი ერთმანეთთან მშვიდი და უშფოთველი დამოკიდებულება? 

ერთმენეთს ხელი გავუწოდოთ, ასე გაყოფილი როგორია?! სადღაც მიდიხარ და ვიღაცები პატივს გცემენ, ვიღაცები კი შეშინებულები არიან. არ შეიძლება, ქართველები ასე ვიყოთ. საერთო მტერთან ერთად ვიბრძოლოთ, საქართველო გავაძლიეროთ და ერთმანეთში მერე გავარკვიოთ საქმეები"- თქვა წმინდა სინოდის გავლენიანმა წევრმა. 

მაღალი იერარქის ქადაგებაში მოხვდა საერთაშორისო მიმართულებით გადასადგამი ნაბიჯებიც. "ერთმანეთი ისე არ დავაზიანოთ, რომ როდესაც მსოფლიო გადანაწილება დაიწყება, ვიღაცის ხახაში არ აღმოვჩნდეთ". 

კარგად მივდივართ, მაგრამ ბოლომდე სწორად წავიდეთ, რომ ვინმეს ხახაში არ ჩაუვარდეთ. თუ არავისთან ურთიერთობა არ გქონდა, ვიღაც მაინც გადაგყლაპავს მერე - ცოტა ხანი იქნები და მერე აღარ გამოჩნდება. აღარც ოპოზიციონერი გაგვახსენდება და არც ერთი პარლამენტარი გაგვახსენდება მერე"- დასძინა მან.