რუსეთი თბილისს კვლავ მოუწოდებს სოხუმთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება გააფორმოს

11.10.26 13:50
რუსეთი თბილისს კვლავ მოუწოდებს სოხუმთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება გააფორმოს

რუსეთი კვლავ მოითხოვს, რომ ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებები გააფორმოს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.

„ნოემბერში დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში არსებული მიმდინარე საკითხები. რუსეთის მხარემ კვლავ გაამახვილა ყურადღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვი წლებია მოითხოვს, რომ თბილისმა სოხუმთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებები გააფორმოს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა და საქართველოსა და რუსეთის მონაწილეობით უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები