რის სანაცვლოდ გათავისუფლდა ლილუაშვილის გარემოცვის წევრი?
გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრის, კობა ხუნდაძის გათავისუფლების გარემოებებზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ რკინიგზის მაღალჩინოსანმა გლდანის ციხე პარასკევს დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" მისი ადვოკატი უდასტურებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რის სანაცვლოდ მოიპოვა ხუნდაძემ თავისუფლება, ინტერესების დამცველი არ განმარტავს.
გირაოთი გამოშვებული, დაგიდასტურეს ალბათ და სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ასე ჩათვალეს საჭიროდ და გამოუშვეს, - ამბობს მალხაზ ლაფაჩი.
"პირველების" კითხვაზე, მისცა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩვენება გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ, ლაფაჩი კატეგორიულად უარყოფს.
არა, არაფერი ჩვენება არ მიუცია. პარასკევს გამოვიდა, 16 იანვარს. სხვა დეტალებზე ვერ გაგცემთ პასუხს, - ამბობს ადვოკატი.
კორუფციის მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ უახლოეს პერიოდში გრიგოლ ლილუაშვილს ბრალს დაუმძიმებენ და ამის საფუძველი, სწორედ კობა ხუნდაძის ჩვენება იქნება.
ნახეთ, ერთის მხრივ, კობა ხუნდაძე ვლადიმერ ხუნდაძის ძმა იყო, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და ბევრ ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა, მეორეს მხრივ, კობა ხუნდაძე იყო რკინიგზის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და სამტრედიაში გავლენიანი პირი იყო, გრიგოლ ლილუაშვილის გავლენის მატარებელი იყო ის ამ რაიონში. შესაბამისად, ძალია ბევრი საქმეა. ახლა, მილიონ სამასი ათასი დოლარი სახლში რომ უპოვეს, ეს ფული საიდან მოვიდა, რა თქმა უნდა, ამის ერთ-ერთი წყარო და ერთ-ერთი მიზეზი გრიგოლ ლილუაშვილიც იყო როგორც მოხვდა მათ სახლში ეს ფული და ეს 60 ბინა, რომელი იყიდეს და გაიფორმეს თავის სახელზე, აგრეთვე ლილუაშვილის გზით მოხდა, რომ შეიძინეს და გადაიფორმეს თავის სახელზე. ამიტომ, ბევრი საქმე იქნება, რაზეც შეიძლება, რომ ჩაუშვას გრიგოლ ლილუაშვილი, მათ შორის ის 4 ბრალი, რაც აქვს, შეიძლება, გახდეს კიდევ 8 და მეტი. გრიგოლ ლილუაშვილია მთავარი სამიზნე ივანიშვილის და "ქართული ოცნების" და ეს ხალხი ერთამენთზე ჩვენებებს აძლევს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მათ კორუფციის გარდა არაფერი აკავშირდებდათ ერთმანეთთან. მეორე კვირაში ვიხილავთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი დაუმძიმდება ან რაღაც ახალი მუხლი წაეყენება. ეს მოხდება გარანტირებულად ასე, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი დავით მჟავანაძე.
კობა ხუნდაძის გირაოთი გათავისუფლებაზე საუბრობს ასევე ვასილ ურუშაძე, რომელიც აცხადებს, რომ მისი თავისუფლებაზე ყოფნა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მიუთითებს და არ გამორიცხავს, რომ საქმეში დამატებითი ფიგურები გამოიკვეთოს.
ფაქტია, კობა ხუნდაძის დაკავების მომენტში აღმოჩენილი იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ის, რომ დღეს ის თავისუფლებაზეა და მას აქვს გირაო შეფარდებული, არის ერთადერთის მანიშნებელი, რომ მან ითანამშრომლა საგამოძიებო სტრუქტურებთან, სავარაუდოდ, მისმა ძმამ, ვლადიმერ ხუნდაძემ, რომელიც იყო მთელი ამ კორუმპირებული სქემების მთავარი მაკონტროლებელი და მთავარი კურატორი, რომელიც იყო გრიგოლ ლილუაშვილის ვერტიკალში. ყველა სქემა, რომლითაც რუსეთი ბოლო სამი წლის განმავლობაში გვერდს უვლიდა დასავლურ სანქციებს, სინამდვილეში, ფულს აკეთებდა ვლადიმერ ხუნდაძე და გრიგოლ ლილუაშვილი. სავარაუდოდ, ვლადიმერ ხუნდაძე ასევე ითანამშრომლებს გამოძებასთან, პრაქტიკა ამას აჩვენებს, რომელიც ალბათ ჩვენებას მისცემს ლილუაშვილის წინააღმდეგ და ასე მთელი ვერტიკალი, საბოლოო ჯამში, იქნება მხილებული, - ამბობს ვასილ ურუშაძე.
შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდა. "პირველების" ინფორმაციით, ვლადიმერ ხუნდაძის დაკავების პარალელურად საპატიმრო დატოვა მისმა ძმამ - კობა ხუნდაძემ, რომელიც საქართველოს რკინიგზის მაღალჩინოსანი იყო.
რას ედავება გამოძიება ძმებ ხუნდაძეებს?
- კობა ხუნდაძეს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აქვს წარდგენილი - [დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს].
- 22 ოქტომბერს პროკურატურამ თქვა, რომ კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლიდან 1 319 300 აშშ დოლარი ამოიღეს.
ვლადიმერ ხუნდაძეს, შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილის პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
- პროკურატურის ინფორმაციით, ვლადიმერ ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებით ახორციელებდა ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.
- გამოძიება ამბობს რომ ხუნდაძისთვის ზუსტად იყო ცნობილი, თუ რა დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდნენ ბორის გოგიჩაიშვილი და მასთან დაკავშირებული პირები, თუმცა მან შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება არ მოახდინა და არც სხვა სახელმწიფო უწყებებს შეატყობინა მძიმე დანაშაულის შესახებ.
- ვლადიმერ ხუნდაძეს ბრალდება დაუსწრებლად, 31 ოქტომბერს წარედგინა. ადვოკატები ამბობდნენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯანმრთელობის პრობლემების გამო თურქეთში იმყოფებოდა.