რა გარიგება შედგა პროკურატურასთან, რომლის შედეგადაც ლილუაშვილის გარემოცვის წევრს ციხე თავისუფლებით შეეცვალა?
საბაჟოს ძებნილი შეფი დაკავებულია. ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც უცხოეთში იმალებოდა ჩამოვიდა და თავად ჩაბარდა, "პირველების" ინფორმაციით, სწორედ ამის გამო გაათავისუფლეს ციხიდან მისი ძმა, საქართველოს რკინიგზის მაღალჩინოსანი კობა ხუნდაძე. ხუნდაძეები გრიგოლ ლილუაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები არიან, დაკავებული ვლადიმერ ხუნდაძე ლილუაშვილის მთავრი დასაყრდენი იყო შემოსავლების სამსახურში. სწორედ მისი მეშვეობით აკონტროლებდა სუს-ის ყოფილი უფროსი რა შემოდიოდა და რა გადიოდა საბაჟოზე.
რა გარიგებით ჩამოვიდა და ჩაბარდა საბაჟოს ექს-შეფი, იქნება თუ არა ვლადიმერ ხუნდაძე კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, ვინც გრიგოლ ლილუაშვილის წინაამდეგ გამოძიებას ჩვენებას მისცემს. სუს-ის ექს-შეფისთვის ხუნდაძე მხოლოდ მეგობარი არ ყოფილა - ლილუაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი ჩვენება საინტერესო იქნება.
აგროვებს თუ არა "ოცნება" ლილუაშვილის წინააღმდეგ ახალ კომპრომატებს და ემზადება თუ არა პროკურატურა სუს-ის ყოფილი უფროსისთვის ბრალის დასამძიმებლად უცნობია. "პირველებმა" გავარკვიეთ, რომ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი საქართველოს რკინიგზის მაღალჩინოსანი ციხიდან გირაოთი პარასკევს გაათავისუფლეს.
ძმებ ხუნდაძეებს, "ოცნებასთან" მხოლოდ ლილუაშვილი არ აკავშირებდათ. ისინი წლების განმავლობაში "ოცნების" შემომწირველები იყვნენ. სუს-ის ექს-შეფი ვლადიმერ ხუნდაძის მეჯვარეა. კორუფციის მკვლევარები, რომლებიც კარგად იცნობენ საქმის დეტალებს არ გამორიცხავენ, რომ ლილუაშვილზე დიდი ინფორმაციის მატარებლებმა მის წინააღმდეგ ჩვენება მისცენ.
გირაოს საფუძველზე გათავისუფლებულ კობა ხუნდაძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზების გამო 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, რის საფუძველზე შეუცვალეს პატიმრობა გირაოთი არ ამხელენ "ოცნებაში", თუმცა მიანიშნებენ, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ითანამშრომლა გამოძიებასთან.