"ხელოვნური მოლოდინები შექმნეს" - შეწყალების აქტზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი გაკეთდა

20.01.26 11:52
"ხელოვნური მოლოდინები შექმნეს" - შეწყალების აქტზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი გაკეთდა

"ოცნების" დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი იმ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალების აქტის გამოცემა დააგვიანა. ივანიშვილის გუნდის წევრის თქმით, შესაძლოა, დრო სიებზე მსჯელობამ წაიღო, ან ადგილი ჰქონდა ტექნიკურ საკითხებს. 

რავიცი, შეიძლება, რაღაც სიებზე ხდებოდა, შეიძლება ტექნიკური საკითხები იყო დასაზუსტებელი, შეიძლება დოკუმენტაცია იყო კიდევ დამატებით მოსაძიებელი. თუნდაც ერთი ან ორი კაცის დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, რომ ისინი შეწყალებულთა სიაში მოახვედრილიყვნენ, ღირდა იმად, რომ ერთი-ორი საათით, ან სამი-ოთხი საათით გვიან გამოცემულიყო, - ამბობს შარმანაშვილი. 

კითხვაზე, რატომ არ შეტყობინა პენიტენცურმა არცერთი პატიმრის მშობელს, როდის მოხდებოდა პატიმრების გათავისუფლება, თენგიზ შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ ცრუ მოლოდინების შექმნას "ოცნების" მხრიდან ადგილი არ ჰქონია და აღნიშნული ხელოვნურად იქნა შექმნილი. 

ივანიშვილის გუნდის წევრი ასევე აპელირებს იმაზეც, რომ შესაწყალებლად საჭიროა, ერთის მხრივ, ბრალდების და ასევე მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმაციის აღიარება.

ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს. არავითარი მოლოდინები არ შექმნილა, უბრალოდ, უნდათ, რომ ხელოვნურად შექმნან ასეთი მოლოდინები. ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც საქართველოში ტრიალებს, უნდათ, რომ პოლიტიკური დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების სფეროში გადაიტანონ. "არ ვცნობ", "არ მინდა", "პარლამენტში არ შემოვალ", "შენ ვინ ხარ, საერთოდ არ გცნობ", "როგორც გინდა ისე მოიქეცი, მე არ მაინტერესებს" და ამავე დროს ასეთი ადამიანისგან უნდათ, შექმნან, მიუხედავად იმისა, რომ არაკანონიერად მიაჩნიათ, უნდა იქცეოდეს ისე, როგორც მათ მიაჩნიათ. 

საქართველოდან ეს ჩვენი შიდა დაპირისპირება არ იმართება. მილიონები იხარჯება იმისთვის, რომ მე და თქვენ ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ. თვითონ ამ მშობლების მიმართვა იმისკენ და პედალირება იმაზე, რომ მშობლები დაქოქონ იმისთვის, რომ განწყობა შეუქმნანყალბი პოლიტიკური ნარატივების შესაქმნელად, ძალიან ცუდია. 

ამასთან, "ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასულიერო პირების მოთხოვნა უგულებელყოფილი არ ყოფილა, თუმცა ამის მყისიერად გადაწყვეტა ვერ მოხდებოდა. მისი თქმით, შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური და ექსკლუზიური უფლებაა და სწორედ მან უნდა მიიღოს საკითხზე გადაწყვეტილება. 

არაფერი იგნორი არ მომხდარა და არაფერი უგულებელყოფა არ მოხდა. თქვენ როგორ წაროგიდგენიათ, მე რაც არ უნდა ავტორიტეტი ვიყო, ყველამ ჩემი აზრი უნდა გაითავლისწინოს? როდესაც გადაწყვეტილება ჩემი მისაღებია და კონსტიტუციამ მე მომანიჭა ექკლუზიური უფლებამოსილება, რა, როდის და რა ფორმით უნდა გავაკეთო, ეს არის ჩემი გადასაწყვეტი. ეს თქვა კონსტიტუციამ. რა თქმა უნდა, მისი აზრი გათვალისწინებული იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მყისიერად, დაუყოვნებლივ, გააზრების, შეჯერებისა და სხვა ფაქტორების გარეშე. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს არ იყო ბოლო შეწყალება და არის დაკავშირებული თარიღებთან შეწყალება. თუ ეს ფაქტორები იქნება, თუ ჩაითვლება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე არ აქვს კონკრეტული ადამიანებისგან, თუ გადაიდგმება ორმხრივი ნაბიჯები, ერთმანეთთან მისვლა ცალმხრივად არ ხდება. თუ ამას ხელს შეუწყობს ჩვენი სასულიერო მოღვაწეები, რომ ეს დაახლოება მოხდეს, თუ ამას ხელს შეუწყობს ყველა დანარჩენი, ვინც აქ ვართრომ გარე ფაქტორებმა არ გააკეთონ ის, რომ მე და თქვენ ერთმანეთს ვერ ველაპარაკებოდეთ და არ ველაპარაკებოდეთ, გვიშლიდნენ ერთმანეთთან დალაპარაკებას, ასეთი ნაბიჯები უფრო ხშირი იქნება და უფრო პროდუქტიული, - ამბობს "ოცნების" დეპუტატი.  

"პირველების" დამატებით კითხვებს თენგიზ შარმანაშვილმა აღარ უპასუხა. ჩვენ გვაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა მიხეილ ყაველაშვილს საკითხზე ვინმესთან კოსულტაციები, თუმცა დეპუტატმა პასუხის გაცემა აღარ ისურვა.  

შეწყალების აქტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მსჯავრდებულები გუშინ დილიდან ციხეებთან თოვასა და სიცივეში ელოდებოდნენ, თუმცა "ოცნების" პრეზიდენტმა აქტი ღამის დაახლოებით 22:30 წუთზე გამოსცა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა და მოხვდნენ თუ არა სიაში სინდისის პატიმრები.