ოპოზიცია: სანქციები და უვიზო მიმოსვლის შეჩერება სულ უფრო რეალური ხდება

20.01.26 13:40
ოპოზიცია: სანქციები და უვიზო მიმოსვლის შეჩერება სულ უფრო რეალური ხდება

ოპოზიციის შეფასებით, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება მკაფიო სიგნალია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის ფონზე ევროკავშირში იზრდება მზადყოფნა უფრო მკაცრი ზომების მისაღებად. მათი თქმით, დღის წესრიგში სულ უფრო რეალურად დგება როგორც პერსონალური სანქციების საკითხი, ისე უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკი, რომლის მექანიზმიც დეკემბრიდან კიდევ უფრო გამარტივდა.

ოპონენტების შეფასებით, არსებული პროცესები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყანას ყოველდღიურად აშორებს ევროპულ სიკეთეებს და ზრდის საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეს.

ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ისევე როგორც ევროპულ სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა, არის იმ განწყობის, რომ ქართული დემოკრატიის დასაცავად იქნება მიღებული შემდგომი ზომები, რაც, უკვე პირდაპირ ამბობენ, სავსებით აღარ გამორიცხავს სანქციებს, რომლისთვისაც, როგორ მოვისმინეთ, მიმდინარეობს მზადება და ამავე დროს, ვისმენთ, რომ ის უვიზო რეჟიმის საფრთხე, რაც "ქართული ოცნების" რეჟიმმა დააყენა ძალიან რეალურ შესაძლებლობად, სულ უფრო რეალური ხდება დროსთან ერთად და ჩვენ ვიცით, რომ დეკემბერში კიდევ უფრო მეტად გამარტივდა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. ეს ყველაფერი მიუთითებს ერთ მკაფიო რამეზე, კერძოდ: "ქართული ოცნების" რეჟიმის გამო საქართველო ყოველდღიურად რისკავს იმ სიკეთეების დაკარგვას, რასაც გულისხმობს ევროპული კავშირი, - ამბობს გრიგოლ გეგენავა. 

კიდევ უფრო მკაცრ პროგნოზს აკეთებს გიორგი ბუტიკაშვილი, რომლის თქმით, ევროკომისიის წერილს აუცილებლად მოჰყვება პრაქტიკული ნაბიჯები — მათ შორის სანქციების დაწესება იმ პირებისა და მათთან დაკავშირებული ბიზნესების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ანტიდემოკრატიულ პროცესებზე.

მისი შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ არ შეცვლის კურსს, საბოლოო შედეგი შესაძლოა იყოს არა მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლების, არამედ მთელი ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რასაც, მისი თქმით, ევროკავშირში უკვე მზარდი მზაობა ახლავს. 

ცხადია, ამ წერილის პროცედურული ნაწილიდან გამომდინარე, აუცილებლად მოჰყვება ამ წერილს შემდეგი ნაბიჯები და ეს ნაბიჯები, ცხადია, იქნება უკვე მათთვის სანქციების დაწესება, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ვინც პასუხისმგებელია ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე. ცხადია, იგულისხმება "ქართული ოცნება" და "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული, მათ შორის, ბიზნესებზეც იყოს საუბარი, ჩემი ინფორმაციით. შესაბამისად, ჩენ, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან გააქტიურებას. მსგავსი კანონები არაფრით არ ჰგავს, რომ "ქართულ ოცნებას" სურს, გამოსწოროს ის შეცდომები, რაც წინა წლების მანძილზე დაუშვა და ცხადია, მიიყვანს არა "ქართულ ოცნებას" მხოლოდ, არამედ მთლიანად საქართველოსაც იმ ეტაპამდე, რომ ევროკავშირს მოუწევს, შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს. ეს იქნება საბოლოო შედეგი, თუ "ქართული ოცნება" აგრძელებს იგივე ნაბიჯების გადადგმას, რაც დაიწყო. ტენდენცია, რასაც ვუყურებთ, "ქართული ოცნება" არ აპირებს შეჩერებას, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.  

ევროკომისიის პრეზიდენტი ივანიშვილის პარტიას სანქციებს უანონსებს. ურსულა ფონ დენ ლაიენი ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ ვრცელ წერილში პირდაპირ წერს, რომ ევროსტრუქტრებთან იმ პირების დასასანქცირებლად, ვინც საქართველოში ადამიანების მასობრივ წამებასა და ტერორში მონაწილეობდა, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.