რას ითხოვს "ოცნება" სინდისის პატიმრებისგან

20.01.26 13:54
რას ითხოვს "ოცნება" სინდისის პატიმრებისგან

ივანიშვილის დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ სინდისის პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს "ქართული ოცნებისთვის" "შეწყალების" თხოვნით არასდროს მიუმართავთ. მისივე თქმით, შეწყალების საკითხის გარშემო საზოგადოებაში შექმნილი მოლოდინები რეალურ პროცესს არ ასახავდა და აღნიშნული თემა ხელოვნურად იქნა აგორებული.

ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ შეწყალება კონსტიტუციური მექანიზმია, რომელიც მინიმუმ სურვილის გამოვლენას გულისხმობს და მისი გამოყენება შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც, მისი შეფასებით, არ არსებობს ნდობა, ლეგიტიმაციის აღიარება და უსაფრთხოების გარანტიები.

არასდროს გვინახავს ამ პატიმრების და მათი ოჯახების მხრიდან მოთხოვნა შეწყალებაზე, პირიქით, აგრესიულები იყვნენ და ამბობდნენ, რომ მათ არ სჭირდებათ შეწყალება. მათ იმედი გადაეწურათ, რომ საკუთარი პატრონები გამოიხსნიდნენ და ეს იყო კარგი მედიაკამპანია, რომლითაც სიბრალულს გამოიწვევდნენ პატიმრების მიმართ. არ ვართ დაზღვეული საზოგადოება, რომ ნაკლებ რადიკალურები იქნებიან. შეწყალება არის ორმხრივი. მათ არ სურთ შეწყალება, შეწყალებული ადამიანები საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდნენ. ხელოვნურად აგორებული კამპანია იყო ამ შეწყალებაზე. იხუმრა ერთხელ ყაველაშვილმა, ხომ ჰყავთ ზურაბიშვილი და შეიწყალოს მანო. დღემდე არ აღიარებენ საქართვრლოს ლეგიტუმურ პრეზიდენტს. ისინი ითხოვენ შეწყალებას იმისგან, ვისაც არ აღიარებენ. პროცედურულად მიმართვა არ არის აუცილებელი. მინიმუმ, სურვილი აუცილებელია, რომ ჩანდეს. უცნობის მხრიდან გაჟღერებული შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადებას როგორ უპასუხა ანდრომ და მისმა ოჯახმა, ვნახეთ. ეს იყო დაგეგმილი პროცესი. თუ ეს სურვული ნამდვილია, სულ სხვა წინაპირობა სჭირდება, - თქვა წილოსანმა. 

ამავე პოზიციას იზიარებს ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ შეწყალება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა თავად პატიმარს მისი მიღების სურვილი აქვს.

არაფერი არ გაუჭიანურებია, კაცო. რა არის ახლა ამაში ისეთი სენსაციური, ისეთი არაჰუმანური, ისეთი საშინელება, რომ რატომ გამოეცი შეწყალების აქტი საღამოს და დილიდან რატომ დაიწყება ამ ხალხის გათავისუფლება. სპეკულაცია ადამიანების ბედით არის ყველაზე დიდი არაჰუმანურობა. აქტი არ ხორციელდება ერთ საათში, რაღაცა პერიოდის, გარკვეული დროის განმავლობაში, შესაბამისი სამართლებრივი პოცედურებით, შესაბამის უწყებებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა და ამ მუშაობის დასრულების შემდეგ ხდება აქტის გამოცემა. მიზანი არის, რომ საზოგადოებაში მუდმივად იყოს დაძაბულობის და დაპირისპირების ერთგვარი მუხტი შენარჩუნებული. სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ ვისაც იწყალებენ, იმას ამ შეწყალების მიღების სურვილი მაინც უნდა გააჩნდეს, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ გვიანს საღამოს, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ 159 პატიმრის შეწყალების აქტი გამოსცა. გათავისუფლებული პატიმრებიდან არცერთი არ არის პრო-ევროპული აქციების დროს დაკავებული პირი.