"ოცნებამ" სტრასბურგში კიდევ ერთი დავა წააგო - როგორ იმართლებენ თავს ივანიშვილის გუნდში
"ოცნებამ" სტრასბურგში კიდევ ერთი დავა წააგო - დღეს ივანიშვილის გუნდში თავს იმართლებდნენ. ნინო წილოსანი ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლო არასდროს გამოიტანს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სისტემური დარღვევების შესახებ გადაწყვეტილებას.
შესაძლოა, რიგი, მცირე დარღვები იყოს აღმოჩენილი - თქვა წილოსანმა.
რაც ზუსტად ვიცი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არასდროს არ გამოიტანს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სისტემური დარღვევების შესახებ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ამას "ქართული ოცნება" უზრუნველყოფს, რომ კანონი იყოს დაცული, ისევე როგორც ადამიანის უფლებები და ერთი მხრივ, სწორი ბალანსი იყოს დაჭერილი, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგსა და ასევე ადამიანის უფლებების დაცვას შორის. ამიტომ, შესაძლოა, რიგი, მცირე დარღვები იყოს აღმოჩენილი, რაც ვიცით, რომ 20 ივნისის შემთხვევაშიც ვიცით, რაზეც შესაბამისი რეაგირება განახორციელა სახელმწიფომ და ესეც ჩვენი სიძლიერეა. ის, რაც შესაძლოა, წარიმართა დარღვევით, იმ ყველაფრის აღმოფხვრა და გათვალისწინება არის რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკრუი გუნდის სიძლიერე", - ამბობს ნინო წილოსანი.
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებისას დაკავებულმა გიორგი მექვაბიშვილმა "ოცნებას" დავა სტრასბურგის სასამართლოში მოუგო.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მექვაბიშვილის მიმართ დაირღვა კონვენციის ორი მუხლი: მე-6 ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლება და მე-11 – შეკრების თავისუფლება.
სტრასბურგის სასამართლოს განაჩენით, მას სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს:
- 665 ევრო მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით;
- 1600 ევრო არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით;
- ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს აღნიშნულ თანხებს;
2023 წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარედ გამართული აქცია, სახელმწიფომ საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა. ასევე, აღსანიშნავია, რომ პოლიცია აქტიურად იყენებდა აქციის მონაწილეთა განურჩეველი დაკავების პრაქტიკას. საიას თანახმად, აქციის დაშლისას გიორგი მექვაბიშვილი, სხვა პირის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე, რა დროსაც იგი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა.
- სამართალდამცავთა განმარტებით, მომჩივანი დააკავეს იმის გამო, რომ ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, იმის მიუხედავად რომ მომჩივანი ტროტუარზე გადაადგილდებოდა. მომჩივანმა 35 საათზე მეტი გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო საიას შეფასებით, სახელმწიფოს არ დაუსაბუთებია დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზეზები. ამ საკითხით არც მოსამართლე დაინტერესდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას. მომჩივნის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განხორციელდა, რის შედეგადაც მას 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
- მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილი საჩივრით ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვდა.