იზიარებენ თუ არა ივანიშვილის "ფილოსოფოსის" მოსაზრებას ტრამპთან დაკავშირებით - რას ამბობენ "ოცნებაში"

20.01.26 18:27
იზიარებენ თუ არა ივანიშვილის "ფილოსოფოსის" მოსაზრებას ტრამპთან დაკავშირებით - რას ამბობენ "ოცნებაში"

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზაზა შათირიშვილის წერილს პასუხობენ და ცდილობენ დააზუსტონ ფორმულირება, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპის პოლიტიკა „დიფ სთეითის“ ინტერესებთან არის დაკავშირებული. მათი განმარტებით, გლობალურ პროცესებში პასუხისმგებლობა ერთ კონკრეტულ ფიგურას არ ეკისრება და ტრამპის მოქმედებები შესაძლოა უფრო ფართო ძალთა ინტერესების თანხვედრას ასახავდეს, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის არსებით ცვლილებას უკავშირდება.

"იმართება" ცოტა უხეში სიტყვაა. ტრამპის პოლიტიკა შეიძლება, ემთხვეოდეს სხვა დიდი მოთამაშეების პოლიტიკურ ინტერესებს. ფაქტია, რომ რაღაც გარკვეულ ძალებს და არა მხოლოდ ერთ ადამიანს, თუ გინდაც ამერიკის პრეზიდენტს, მათ ინტერესებში არის ამ არსებული ვითარების კარდინალური და რადიკალური ცვლილება. ეს ახლა, ამ მჭიდრო კავშირში ხდება ტრამპსა და დიფ სთეითს შორის თუ მათი ინტერესები ემთხვევა ან არ ემთხვევა, ეს უკვე ანალიტიკოსების შეფასების საგანია, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

ამავე თემაზე კომენტარს აკეთებს ნინო წილოსანი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს „დიფ სთეითის“ როლზე მიმდინარე პროცესებში და აღნიშნავს, რომ მისი გავლენა უფრო ევროკავშირის დასუსტებას უკავშირდება, ვიდრე უკრაინის მოვლენებს, ხოლო დონალდ ტრამპის პოლიტიკური ნაბიჯები, მისი თქმით, ღიად დეკლარირებულ მიზნებზეა აგებული. 

თავისთავად, რაღაც ეტაპზე, ჩვენ საკუთარ თავზე ვიგრძნობთ, დიფ სთეითი ისევ თავის ძალაუფლებაშია თუ არა. ამ წერილიდან გამოვყოფ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელზეც ნამდვილად მსურს, რომ კომენტარი გავაკეთო, დიფ სთეითმა მთლიანად ეს პროცესი, როგორც ჩანს, წარმართა უფრო მეტად ევროკავშირის გასანადგურებლად, ვიდრე უკრაინის. ტრამპი არის ძალიან ღია და გახსნილი თავის მიზნებში, არაფერი ფარული მას არ აქვს, რაასაც გეგმავს, იმას აკეთებს და ის, რომ ჩვენ, მაგალითად, ევრობიუროკატები ლამაზი სიტყვებით გველაპარაკებოდნენ და ამ სიტყვების უკან ძირს გვითხრიდნენ, საქართველოს და არა "ქართულ ოცნებას", ზუსტად ეს არის კლასიკური დიფ სთეითი, - ამბობს ნინო წილოსანი. 

ივანიშვილის ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც დონალ ტრამპს „დიფ სთეითის“ აგენტად აცხადებს.

წერილში შათირიშვილი ამტკიცებს, რომ გლობალურ პროცესებს არაფორმალური გავლენიანი ჯგუფები მართავენ, რომელთა მოქმედებებმა, მისი თქმით, ევროპა პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაასუსტა, ხოლო უკრაინის ომმა ეს პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა.