როგორ აქცია "ოცნებამ" ჰუმანური აქტი “ტანჯვის აქტად” - ყაველაშვილმა სინდისის პატიმრები არ შეიწყალა
სადიზმი და საკუთარი მოქალაქეების ტანჯვა - ასე აფასებენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც შეწყალების პროცესს უკავშირდებოდა. მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალების აქტი მთელი დღის განმავლობაში არ გამოსცა, ხოლო ღამით გამოცემული ბრძანება დილამდე არ აღსრულდა. ამ დროის განმავლობაში პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები მთელი დღე ქუჩაში, ღამით კი გლდანისა და რუსთავის ციხეებთან ელოდნენ, როდის გახდებოდა ცნობილი შეწყალებულთა ვინაობა.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში „უამინდობის მოტივით“ ტელევიზიაც გაითიშა, რის შედეგადაც პატიმრები სრულ საინფორმაციო იზოლაციაში აღმოჩნდნენ.
მსახიობმა ნატა მურვანიძემ გლდანისა და რუსთავის ციხეებთან განვითარებული მოვლენები „სიკეთით სავსე ქალაქში სადიზმის ჯგუფურ გამოვლინებად“ შეაფასა. მისი თქმით, სადიზმია მაშინ, როდესაც ადამიანი სხვისი ტანჯვით სიამოვნებას იღებს. პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა სისასტიკე და საზოგადოებას დაანახა, რომ მოქალაქეების ტანჯვა მისი მმართველობის ყოველდღიური ნაწილია.
ოპონენტების შეფასებით, შეწყალების პროცესის გაჭიანურება მიზანმიმართულად ხდებოდა, რათა ტანჯვის საათები მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინათ. მათი თქმით, შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგაც პენიტენციურმა სამსახურმა არ გააკეთა განმარტება, რომ პატიმრების გათავისუფლება ღამით არ მოხდებოდა და პროცესი დილიდან დაიწყებოდა. ამ დროს, ოჯახის წევრები შვილების გათავისუფლების იმედით ციხეებთან იდგნენ, ხოლო სოციალური ქსელების ნაწილში ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერები და მათთან დაკავშირებული ტროლ-ანგარიშები მათ დასცინოდნენ.
კრიტიკოსების თქმით, „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული ჯგუფების ქმედებებში ყოველი ნაბიჯი სისასტიკის ნიშნებს ატარებდა.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.