“ოცნებაში“ ევროკომისიის პრეზიდენტს პასუხობენ
“ქართული ოცნების“ მორიგი თავდასხმა ბრიუსელს - ისინი ევროკავშირის მაღალჩინოსნებს მოუწოდებენ, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას თავი დაანებონ და საკუთარი პრობლემები მოაგვარონ.
“ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ სანქციებზე საუბარი ეს არის პოლიტიკური შანტაჟის ბერკეტი ბრიუსელისთვის და მათ სანქციების არ ეშინიათ.
რასაც ითხოვენ, ხომ კარგად იცით? რუსებს სანქციები უნდა დავუწესოთ, არჩევნების შედეგები გააუქმეთ, ფარული უნდა იყოს დაფინანსება, არანაირი გამჭვირვალობა ამ ფულის, ლგბტ პროპაგანდა უნდა იყოს ფართოდ საქართველოში გავრცელებული. ამიტომ, საკუთარ პრობლემებს მიხედონ, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შანტაჟი არ გავიდა და არასდროს გავა, - ამბობს ნინო წილოსანი. მისი თქმით, “სასაცილოა დათრგუნული და უბადრუკ მდგომარეობაში მყოფი ევრობიუროკრატები როგორ მსჯელობენ სანქციებით დააშინონ “ოცნების“ წარმომადგენლები“.
რატომ არის ევროპული ბიუროკრატია სავალალო მდგომარეობაში, სწორედ თქვენი კითხვაც აღწერს ამ პროცესს. ე.ი. ევროკავშირს, რომლის წევრ სახელმწიფოს ედავებიან მის შემადგენლობაში მყოფ ტერიტორიას-გრენლანდიას, სცალია და აქვს სურვილი, რომ საქართველოში უსამართლოდ ვიღაცას დაუწესოს ვიზის შეზღუდვა. ანუ ეს სანქციები ვერასდროს ვერ იქნება გამოყენებული ჩვენი პოლიტიკის შესაცვლელად, ანუ შანტაჟი არ გავიდა და არასდროს გავა და განსაკუთრებით ახლა ძალიან სასაცილოა ამ დათრგუნულ და უბადრუკ მდგომარეობაში მყოფი ევრობიუროკრატები როგორ მსჯელობენ, იმის ნაცვლად, რომ გაცილებით მასშტაბური პრობლემები გადაჭრან, დაგვაშინონ რიგი ჩვენგანი სანქციებით, - ამბობს წილოსანი.
ევროკომისიის პრეზიდენტი ივანიშვილის პარტიას სანქციებს უანონსებს. ურსულა ფონ დენ ლაიენი ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ ვრცელ წერილში პირდაპირ წერს, რომ ევროსტრუქტრებთან იმ პირების დასასანქცირებლად, ვინც საქართველოში ადამიანების მასობრივ წამებასა და ტერორში მონაწილეობდა, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.