ვაჭრობა სინდისის პატიმრებით - რატომ ჩატოვა "ოცნებამ" პროევროპულ აქციაზე დაკავებულები ციხეში

20.01.26 20:07
ვაჭრობა სინდისის პატიმრებით - რატომ ჩატოვა "ოცნებამ" პროევროპულ აქციაზე დაკავებულები ციხეში

ივანიშვილი პარტნიორებთან სინდისის პატიმრებით ვაჭრობს - ასეთ შეფასებას აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომლის თქმითაც, დაკავებული დემონსტრანტები ოლიგარქისთვის ამ ეტაპზე ერთ-ერთ მთავარ კოზირად რჩებიან. მისი შეფასებით, მათი გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ივანიშვილი კონკრეტულ პოლიტიკურ ან საერთაშორისო სარგებელს მიიღებს. ხიდაშელს არ გაჰკვირვებია, რომ აქტივისტები კვლავ პატიმრობაში რჩებიან, რადგან, მისი თქმით, ივანიშვილის გუნდის პირველ პირს ამ ეტაპზე შესაბამისი სარგებელი არ უჩანს.

ყოფილი მინისტრი პარალელს ავლებს ბელარუსთან და იხსენებს ალექსანდრე ლუკაშენკოს ქმედებას, რომელმაც ერთი თვის წინ აშშ-ის სანქციების ნაწილის მოხსნის სანაცვლოდ 123 პოლიტპატიმარი შეიწყალა. მათ შორის იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და საპროტესტო მოძრაობების ლიდერები. ხიდაშელის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილმაც პატიმრები დასავლეთთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, მოლაპარაკებების საგნად გამოიყენოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავარი საერთაშორისო პრობლემა ოლიგარქის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია.

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ აქციებზე დაკავებულთა შეწყალების მოლოდინი არც არავის უნდა ჰქონოდა, თუმცა კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მსგავსი მოლოდინები თავად "ოცნების" ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების განცხადებებითაც გაძლიერდა. კერძოდ, „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერმა გია გაჩეჩილაძემ საკუთარ გადაცემაში ირაკლი კობახიძესა და საპატრიარქოს მოუწოდა, საახალწლოდ დაკავებული პირები გაეთავისუფლებინათ და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იყო თავდებში ჩადგომისთვისაც.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.