"უკიდურესად საშიში პრეცედენტია" - ტატა ხვედელიანი მაღაროელების განაჩენზე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი ტატა ხვედელიანი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ოთხი ჭიათურელი მაღაროელი დამნაშავედ ცნეს და მათ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ხვედელიანი გადაწყვეტილებას დასაქმებულთა უფლებების შეზღუდვისა და დემოკრატიის უკუსვლის საშიშ პრეცედენტად აფასებს.
მისი თქმით, მომხდარი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკიდურესად სახიფათო მოვლენაა და ავტორიტარული მმართველობის ნიშნებს შეიცავს.
„ოცნება” უკვე წლებია ქვეყანას წარსულში აბრუნებს, მაგრამ ის, რაც ახლა მოხდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკიდურესად საშიში პრეცედენტია: პირველად ვხედავთ, რომ მშრომელთა დაპატიმრება ხდება პროტესტის გამო, რომლის მიზანია ღირსეული სამუშაო პირობების მიღება,“ – აცხადებს დეპუტატი.
ხვედელიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამაგალითო დასჯად აფასებს.
„ეს ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან სამაგალითო დასჯაა ღირსეული შრომის პირობების მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის დაცვისთვის.
ეს ქმნის უკიდურესად საშიშ პრეცედენტს ქვეყანაში: დასაქმებულთა უფლებების შეზღუდვისა და დემოკრატიის უკუსვლის მიმართულებით.
მშრომელთა პროტესტი არ არის დანაშაული. ღირსეული შრომა და უსაფრთხო სამუშაო გარემო არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. სახელმწიფოს ვალდებულება კი არის უზრუნველყოს შრომითი უსაფრთხოება, სამართლიანი პირობები დასაქმებულებისთვის და არა რეპრესიები“, – აცხადებს ტატა ხვედელიანი.
ცნობისთვის, 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლო-მ ოთხი ჭიათურელი მაღაროელი დამნაშავედ ცნო. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს 6 წელი და 3 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს - 4 წელი და 3 თვე.
პროკურატურა მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს — „ორგანიზებულ ძალადობაში“ მონაწილეობას.