პაატა მანჯგალაძის სიტყვა სასამართლოზე და მილოცვა იუბილარ შვილს

22.01.26 14:04
პაატა მანჯგალაძის სიტყვა სასამართლოზე და მილოცვა იუბილარ შვილს

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა, "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა და დარბაზში მყოფ შვილს დაბადების დღე მიულოცა. 

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 4 ოქტომბერს ოფისთან მედიასთან ჩასაწერად მივიდა. ხოლო გადაცემაში მისი ნათქვამი "ძალა ხალხშია" დანაშაულებრივი სიტყვები არ არის. 

პირველ რიგში ჩემი შვილია აქ, მისი დაბადების დღეა, ვულოცავ. რაც შეეხება საქმეს, სამართლებრივი საკითხია და იურისტებისთვის უფრო მარტივი გასაგები იქნება, სულ რომ ადამიანმა თქვას ორგანიზატორი ვარო, ესეც კი არ ნიშნავს აპრიორი ამას. იმ კონკრეტულ დღეს ოფისთან იმიტომ მივედი, რომ მედიამ მთხოვა ჯგუფები არ გვყავს და იქ ჩაგვეწერეო. ადგილზე 15 წუთით გვიან რომ მივსულიყავი იმ ფოტოსაც  ვერ გადავიღებდი. გადაცემაში, რომ ვთქვი, ძალა ხალხშიათქო, ამაში დანაშაულებრივი რა არის? არჩევნების გაყალბების შემდეგ ყველა გადაცემაში ვამბობდი რომ ხელისუფლების წყარო ხალხია," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას, ირაკლი შაიშმელაშვილის და გური ჟვანიას პროცესი მიმდინარეობს. 

დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ პირები, რომლებმაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარეს. ამასთან, განიხილეს ვიდეო-ჩანაწერები. ამ დროისთვის კი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. 

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.