ვისთან (არ) დაჯდება კობახიძე დებატებზე

22.01.26 23:37
ვისთან (არ) დაჯდება კობახიძე დებატებზე

ვისთან დაჯდება დებატებზე და ვის ეტყვის უარს - კობახიძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ოპონენტებს დისკუსიაზე უარს ეტყვის.

კობახიძის მტკიცებით, არიან ადამიანები, ვინც ცდილობენ, პირდაპირ თუ ირიბად აარიდონ თავი დებატებს, რათა ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გააგრძელონ და “სიძულვილი გააღვივონ ქვეყენაში“.

“ოცნების“ პრემიერის თქმით, სწორედ ასეთ ადამიანებთან არ აპირებს პირისპირ საუბარს.

ვიღაც პირდაპირ ცდილობს აერიდოს დებატებს და ვიღაც ირიბი მეთოდებით ცდილობს, რომ თავიდან აირიდოს დისკუსია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ულტიმატუმების დაყენება და ა.შ. რაც, თავისთავად, კიდევ ერთხელ არის იმ ყველაფრის ლუსტრაცია, რაზეც ჩემს განცხადებაში იყო საუბარი. მათი დავალებაა, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს თემებთან დაკავშირებით და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გამოიყენონ სიძულვილის ენა ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა პოლარიზაცია და სიძულვილი გაღვივდეს ჩვენს ქვეყანაში, ესაა მათი დავალება. ვისაც ეს დავალება არ აქვს, რა თქმა უნდა, ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის, დანარჩენი დეტალები, ბუნებრივია, დაზუსტდება ახლო მომავალში,- ამბობს ის.

კობახიძის თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს და არაუგვიანეს 2 კვირისა, რაღაც ფორმატები უნდა არსებობდეს და პირველი დებატებიც შედგეს.

ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ინიციატივას, რომლითაც დღეს გამოვედით. ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე უნდა დაიწყოს უკვე ეს პროცესი, არაუგვიანეს 2 კვირისა, რაღაც ფორმატები უნდა არსებობდეს ჩვენი წარმოდგენით და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები სხვადასხვა მხარეებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის ადამიანები, ვისთან დებატების მზაობასაც გამოთქვამს კობახიძე, სამოქალაქო საზოგადოების წევრები არიან.

ჩვენ მზად ვართ საზოგადოების წარმომადგენლებთან დისკუსიისთვის. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან უფრო მეტად ველოდებით ჯანსაღ დისკუსიას და ამის ობიექტურ ინტერესს. როდესაც ფორმატებზეა საუბარი, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის დებატებზე, რა თქმა უნდა, დებატების ეს ფორმაც აუცილებელია, არა მარტო მიზანშეწონილია, რომ არსებობდეს, არამედ აუცილებელია, პირველ რიგში, პოლიტიკური სუბიექტები უნდა პაექრობდნენ ერთმანეთთან იმისათვის, რომ საზოგადოებას გააგებინონ სიმართლე და გააკეთებინონ ინფორმირებული არჩევანი, მაგრამ ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც, მაგალითად ამა თუ იმ დარგის ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, რაც, ბუნებრივია, არანაკლებ ღირებულია თუ არა უფრო მეტად ღირებული.  ვფიქრობ, რომ ეს დებატები უფრო ფართოდ უნდა გაიშალოს, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ვიწრო გაგებით პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური დისკუსია, რისთვისაც ჩვენ ასევე მზად ვართ“,- დასძინა მან.